საფრანგეთის პარლამენტში მთავრობისადმი უნდობლობის შუამდგომლობის დაყენება იგეგმება
საფრანგეთის პარლამენტში მთავრობისადმი უნდობლობის შუამდგომლობის დაყენება იგეგმება

საფრანგეთის პარლამენტში დღეს, სავარაუდოდ, მთავრობის უნდობლობის შუამდგომლობას დააყენებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას ასამბლეის წევრების ნახევარზე მეტის მხარდაჭერა დასჭირდება. უნდობლობის გამოცხადების შემთხვევაში, საფრანგეთის მთავრობა უნდა გადადგეს. უნდობლობის საკითხი თუ არ დაკმაყოფილდება, საპენსიო კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება.

საფრანგეთში მთავრობის უნდობლობის გამოცხადების მოთხოვნა ბოლოს წარმატებული 1962 წელს იყო. საფრანგეთის კონსტიტუციის 49.3 მუხლი, რომელსაც ემანუელ მაკრონის მთავრობამ საპენსიო რეფორმის მისაღებად მიმართა, არის სადავო უფლებამოსილება, რომელიც საფრანგეთის მთავრობებს შეუძლიათ, გამოიყენონ კანონმდებლობის მისაღებად კენჭისყრის გვერდის ავლით. მეხუთე რესპუბლიკის 60 წლის განმავლობაში 49.3 მუხლი 100-ჯერ იქნა გამოყენებული, ყველაზე ხშირად – მთავრობების მხრიდან, რომლებსაც არ აქვთ უმრავლესობა პარლამენტში.

საფრანგეთის პროფკავშირებმა 23 მარტს ეროვნული გაფიცვა გამოაცხადეს.

საპენსიო კანონის კენჭისყრის გარეშე მიღებას პარიზში აქციები მოჰყვა.

ახალი, სადავო კანონის მიხედვით, მინიმალური საპენსიო ასაკი საფრანგეთში 62-დან 64 წლამდე გაიზრდება.