„ევრონიუსი“ - ჯაშუშური პროგრამა „პეგასუსის“ ერთ-ერთი სამიზნე შესაძლოა, ემანუელ მაკრონიც იყო
„ევრონიუსი“ - ჯაშუშური პროგრამა „პეგასუსის“ ერთ-ერთი სამიზნე შესაძლოა, ემანუელ მაკრონიც იყო

ჯაშუშური პროგრამის, „პეგასუსის“ ერთ-ერთი სამიზნე შესაძლოა, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონიც იყო.

ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ საერთაშორისო ორგანიზაცია, „ამნესთი ინთერნეიშენალზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

მედია წერს, რომ ემანუელ მაკრონი არის მსოფლიოს 14 მოქმედ და ყოფილ სახელმწიფო მეთაურს შორის, რომელთა წინააღმდეგ, სავარაუდოდ, თვალთვალი ხორციელდებოდა.

ფრანგული გამოცემა, „მონდის“ ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტთან ერთად, სავარაუდოდ, ჯაშუშურ პროგრამას საფრანგეთის მთავრობის 15 წევრის წინააღმდეგ იყენებდნენ.

პოტენციური სამიზნეები დასახელებული არიან ტელეფონის ნომრების სიაში, სადაც 50 000 ადამიანის მონაცემებია შეტანილი. გავრცელებული ცნობით, სიაში ასევე არიან სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი, სირილ რამაფოსა, ერაყის პრეზიდენტი, ბარჰამ სალიჰი, მაროკოს მეფე, მოჰამედ VI და პაკისტანის პრემიერ-მინისტრი, იმრან ხანი.

მედიის ინფორმაციით, ისრაელის კომპანიის მიერ შექმნილი სამხედრო კლასის პროგრამას პოლიტიკოსების პარალელურად, ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების წინააღმდეგაც იყენებდნენ.