ევროლიგაზე ფენერბახჩეს ჰეგემონია გრძელდება
ევროლიგაზე ფენერბახჩეს ჰეგემონია გრძელდება

საკალათბურთო „ევროლიგაზე“ მე-20 ტურის ოთხი შეხვედრა გაიმართა. მიმდინარე სეზონში შეუჩერებელია „ფენერბახჩე“. სტამბოლურმა კლუბმა საკუთარ დარბაზში პირეოსის „ოლიმპიაკოსი“ დამაჯერებლად, ანგარიშით 90-75 დაამარცხა. მასპინძელთა შორის საუკეთესო ალი მუჰამედი გახლდათ რომელმაც 21 ქულით დაასრულა თამაში. 20 ქულა გააკეთა კიდევ ერთმა უკანახაზელმა – ერიკ გრინმა. აღსანიშნავია, რომ სტამბოლურმა კლუბმა მეტოქეს ოთხივე მეოთხედში აჯობა. „ფენერი“ რეგულარულ სეზონში 18 მოგებით და 2 მარცხით დამაჯერებლად ლიდერობს. მომდევნო ტურში სტამბოლელები მიუნხენში, ადგილობრივი „ბაიერნის“ წინააღმდეგ ითამაშებენ.


პრინციპულ გამარჯვებას მიაღწია მადრიდის „რეალმა“. მოქმედმა ჩემპიონმა საკუთარ დარბაზში ბოლო პერიოდში შესანიშნავ ფორმაში მყოფი სტამბოლის „ეფესს“ აჯობა ანგარიშით 92-84. ამ წარმატების მთავარი შემოქმედი, ენტონი რენდოლფი იყო. სლოვენიის ნაკრების მძიმე ფორვარდმა 24 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა აქტივში. 19 ქულა 8 მოხსნა და 5 პასი გააკეთა სერხიო ლიულმა. მადრიდული გუნდი სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს ინარჩუნებს. დღეს მე-20 ტურის დარჩენილი ოთხი შეხვედრა ჩატარდება. ქართველი გულშემატკივრის განსაკუთრებულ ინტერესს, პოდგორიცაში გასამართი შეხვედრა იწვევს, სადაც გოგა ბითაძის „ბუდუჩნოსტი“ ესპანურ „გრან კანარიას“ მიიღებს.


მილანი-ჟალგირისი 80-70
მაკაბი-პანათინაიკოსი 84-75