ევროლიგა I ოთხთა ფინალის მონაწილე ყველა გუნდის ვინაობა ცნობილია #1TVSPORT
ევროლიგა I ოთხთა ფინალის მონაწილე ყველა გუნდის ვინაობა ცნობილია #1TVSPORT

საკალათბურთო ევროლიგაზე პლეი ოფის ეტაპი დასრულდა და ოთხთა ფინალის მონაწილე ყველა გუნდის ვინაობა ცნობილი გახდა.

პლეი ოფში ოთხიდან სამი სერია გადამწყვეტ, მეხუთე თამაშამდე მივიდა. „მონაკომ“ სერიის უკანასკნელ შეხვედრაში „მაკაბი“ 97:86 დაამარცხა. ფრანგულ გუნდს მაიკ ჯეიმსმა ულიდერა. ამერიკელმა უკანახაზელმა 21 ქულა, 5 მოხსნა და 4 შედეგიანი პასი დააგროვა. „მაკაბის“ რიგებში საუკეთესო უეიდ ბალდვინი იყო 27 ქულით.

დრამატულად განვითარდა მოვლენები მადრიდის „რეალისა“ და ბელგრადის „პარტიზანის“ მეხუთე თამაშში. ესპანურმა გრანდმა, რომელიც მოედანზე რამდენიმე ლიდერის გარეშე იყო გასული, 98:94 გაიმარჯვა და ოთხთა ფინალში გავიდა. მადრიდელთაგან საუკეთესო ძანან მუსა იყო, ბოსნიელმა 20 ქულა ჩააგდო. „პარტიზანის“ რიგებში კი ყველაზე მეტი ქულა კევინ პანტერმა დააგროვა – 28. აღნიშნულ სერიაში მადრიდის „რეალი“ 0:2 მარცხდებოდა.

ოთხთა ფინალის კიდევ ერთი მონაწილე „ოლიმპიაკოსი“ იქნება. ბერძნულმა გრანდმა სერიის ბოლო შეხვედრაში თურქულ „ფენერბახჩეს“ 84:72 მოუგო. მატჩში გადამწყვეტი კოსტას სლუკასის 22 ქულა აღმოჩნდა.

ევროლიგის მთავარი ეტაპის საგზური მანამდე მოიპოვა „ბარსელონამ“. ესპანელებმა კაუნასის „ჟალგირისი“ სერიაში 3:0 დაამარცხეს.

ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ოთხთა ფინალი კაუნასში გაიმართება. 19 მაისს ნახევარფინალში „ოლიმპიაკოსი“ „მონაკოს“ დაუპირისპირდება, ხოლო „ბარსელონა“ – მადრიდის „რეალს“. წყვილებში გამარჯვებულები ფინალში 21 მაისს ითამაშებენ.