ევროკომისიის წარმომადგენელი ტომა რენიე - უკრაინას ევროკავშირისგან კრიტიკულ მინერალებზე ორმხრივად მომგებიანი შეთავაზება არ მიუღია
ევროკომისიის წარმომადგენელი ტომა რენიე - უკრაინას ევროკავშირისგან კრიტიკულ მინერალებზე ორმხრივად მომგებიანი შეთავაზება არ მიუღია

უკრაინას ევროკავშირისგან კრიტიკულ მინერალებზე ორმხრივად მომგებიანი შეთავაზება არ მიუღია, – ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა, ტომა რენიემ ბრიფინგზე განაცხადა.

რენიეს კითხვა დაუსვეს სამრეწველო სტრატეგიის საკითხებში ევროკომისარის, სტეფან სეჟურნეს განცხადებაზე, რომ „ევროკავშირმა უკრაინელ ოფიციალურ პირებს კრიტიკული მინერალების შესახებ ორმხრივად მომგებიანი შეთანხმება შესთავაზა“.

რენიეს თქმით, ამ სფეროში პარტნიორობა უკრაინასა და ევროკავშირს შორის უკვე მიმდინარეობს.

„არ არის არანაირი შეთავაზება“, – განაცხადა ტომა რენიემ და განმარტა, რომ ევროკავშირის თანამშრომლობა უკრაინასთან კრიტიკული მინერალების შესახებ ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ დაიწყო.

რენიემ ასევე განაცხადა, რომ 2021 წლიდან ევროკავშირს აქვს პარტნიორობა უკრაინასთან კრიტიკული მინერალების კუთხით, რომელიც ფორმალიზებულია ურთიერთგაგების მემორანდუმის საშუალებით. მისივე თქმით, საუბარია სწორედ უკრაინასთან თანამშრომლობაზე და არა რაიმე კონკურენციაზე აშშ-თან.

„გუშინდელი ვიზიტის დროს კიევში ევროკომისარი მართლაც შეხვდა თავის უკრაინელ კოლეგებს და მან დაადასტურა ჩვენი ერთგულება ამ ურთიერთგაგების მემორანდუმის შესრულების კუთხით და მუშაობის დაჩქარებისადმი ჩვენი ორმხრივად სასარგებლო პარტნიორობის გაძლიერების მიზნით“, – აღნიშნა ევროკომისიის სპიკერმა.