ევროკომისიის წარმომადგენელი – ბათუმი აღიარებულია, როგორც ყველაზე მიმზიდველი ტურისტული ადგილი ევროპაში
ბათუმში მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის საინვესტიციო ფორუმს ახალი შესაძლებლობების შექმნა შეუძლია, – ამის შესახებ ევროკომისიის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის დირექტორმა, ლოურენს მერედიტმა განაცხადა.
ლოურენს მერედიტი პანელის „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ინვესტირების გამოწვევები და შესაძლებლობები – 10 წლის შემდეგ პრაღის დეკლარაციიდან“ ერთ-ერთი სპიკერია.
„ჩვენ, ევროკავშირი მოხარული ვართ ამ ინიციატივის წარმატებით. რა თქმა უნდა, სიმბოლურია ფაქტი, რომ ეს ღონისძიება ბათუმში ხორციელდება – ბათუმი წელს აღიარებულია, როგორც ახალი, ყველაზე მიმზიდველი ტურისტული ადგილი ევროპაში“, – განაცხადა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის დირექტორმა.
ლოურენს მერედიტმა გამოსვლაში ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნებისთვის აღნიშნული საერთაშორისო პლატფორმის როლსა და მნიშვნელობაზე.
ამასთან, მისი განცხადებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატს კიდევ მეტი პოტენციალი აქვს.
„ჩვენ მოწადინებული ვართ, კიდევ უფრო მეტს მივაღწიოთ. ევროკომისიის პრეზიდენტმა იუნკერმა დაიწყო კონსულტაციები, რომელიც ეხება აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალს“, – აღნიშნა მან.
ევროკომისიის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის დირექტორმა რამდენიმე პრიორიტეტული სფერო დაასახელა, რომელთა მიმართულებითაც აქტიური მუშაობის წარმართვა იგეგმება – ეკონომიკა; კავშირები; ენერგოეფექტურობა; ე.წ. დიგიტალიზაცია (ციფრულ ფორმატში გადაყვანა) და საჯარო მმართველობის რეფორმა.
„ვმუშაობთ რეგიონში, რათა ევროკავშირის მხრიდან შევქმნათ საგრანტო დაფინანსების მექანიზმები, ისევე როგორც სასესხო დაფინანსების მექანიზმები და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტებთან, როგორიცაა, მაგალითად მსოფლიო ბანკი. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობა არის გადამწყვეტი და სულმოუთმენლად ველი ჩემი კოლეგებისგან მათ სამომავლო ხედვას“, – აღნიშნა საინვესტიციო ფორუმზე ევროკომისიის წარმომადგენელმა.