ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფების მუშაობის პროცესს პრეზიდენტის წარმომადგენელი დააკვირდება
ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფების მუშაობის პროცესს პრეზიდენტის წარმომადგენელი დააკვირდება

ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფების მუშაობის პროცესს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელი დააკვირდება. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანთან კომუნიკაცია ჰქონდა და გადაწყდა, რომ სამუშაო ჯგუფებს მონიტორინგს პრეზიდენტის წარმომადგენელი გაუწევს.

დეპუტატის ცნობით, ასევე კომუნიკაცია იყო საქართველოში ამერიკის საელჩოსთან და მათ შესთავაზეს, რომ სამუშაო ჯგუფების მუშაობას დააკვირდნენ.

ოხანაშვილი აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ, საელჩო ჩაერთვება სხვადასხვა სამუშაო ჯგუფში. ამასთან, ანრი ოხანაშვილმა მზაობა გამოთქვა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების სურვილის შემთხვევაში, ისინიც ჩაერთონ პროცესში.

პარლამენტი დღევანდელ სხდომაზე ხუთ სამუშაო ჯგუფს შექმნის, რომლებიც იმუშავებენ – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის, „საარჩევნო კოდექსის“, ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურების თაობაზე.