ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატი - ევროპამ რუსეთთან დიალოგი ძალის პოზიციიდან უნდა აწარმოოს
ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატი - ევროპამ რუსეთთან დიალოგი ძალის პოზიციიდან უნდა აწარმოოს

ევროპამ რუსეთთან დიალოგი ძალის პოზიციიდან უნდა აწარმოოს, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

როგორც გერმანელმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, „კრემლი სისუსტეებს არ პატიობს“.

ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ რუსეთი რჩება ევროპის მეზობლად, თუმცა განაცხადა, რომ მოსკოვის ქმედებები უკრაინაში საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება.

რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობების გარდა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელისთვის სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც ისაუბრა. კერძოდ, მან განაცხადა, რომ მხარს უჭერს „ევროპელთა არმიის“ შექმნას. ამასთან აღნიშნა, რომ საშიში ოპერაციების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ნაციონალურ დონეზე უნდა მოხდეს.

მან ასევე მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნებს, დაეხმარონ იმ ქვეყნებს, საიდანაც ლტოლვილთა ნაკადი ევროპაში მიდის, რათა აღმოიფხვრას ის მიზეზები, რომლებიც მიგრანტებს სამშობლოს დატოვებას აიძულებს.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა​ გამოთქვა ინიციატივა, რომ სასაზღვრო სამსახურის „ფრონტექსის“ პერსონალი 10 ათასამდე გაიზარდოს არა 2027 წლისთვის, არამედ გაცილებით უფრო ადრე.

შეგახსენებთ, ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატად ურსულა ფონ დერ ლაიენი ოფიციალურად 2 ივლისს წარადგინეს. მისი კანდიდატურა ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.