ევროკომისიის პრეზიდენტი აშშ-ს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან კავშირის გაწყვეტის გადახედვისკენ მოუწოდებს
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა აშშ-ის მიერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დატოვებასთან დაკავშირებით საერთო წერილი გამოაქვეყნეს. მათ აშშ-ს გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდეს.
„მაშინ, როცა სამყარო „კოვიდ-19“-ის პანდემიის წიანააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს, მთავარი ამოცანა სიცოცხლის გადარჩენა და პანდემიის შეკავებაა. ევროკავშირი აგრძელებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერას და უკვე უზრუნველყო ორგანიზაციის დამატებითი დაფინანსებაც.
19 მაისს გამართულ ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეაზე, რომელსაც ევროკავშირი უძღვება, ჯანმო-ს ყველა წევრი სახელმწიფო შეთანხმდა, რომ პირველივე შესაფერის მომენტში დაიწყება მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და ყოვლისმომცველი შეფასება, რათა მოხდეს იმ გაკვეთილების გადახედვა, რომლებიც „კოვიდ-19“-ზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეაგირებიდან შეგვიძლია ვისწავლოთ, განსაკუთრებით, გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოების მზაობის გაძლიერების მიზნით. ჩვენი კოლექტიური მუშაობის საერთაშორისო დონეზე შეფასება აუცილებელი პროცესია, რომლის მიზანი არის ჯანმრთელობის უსაფრთხოების გაძლიერება“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.
წერილში ასევე ნათქვამია, რომ ამ ბრძოლაში გასამარჯვებლად მრავალმხრივი ძალისხმევა, გლობალური თანამშრომლობა და სოლიდარობა ერთადერთ ეფექტური და სიცოცხლისუნარიანი გზაა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უნდა გააგრძელოს პანდემიაზე საერთაშორისო რეაგირებას ხელმძღვანელობა ახლაც და მომავალშიც.
„ამის მისაღწევად კი, ყველას მონაწილეობა და მხარდაჭერაა საჭირო. ამ გლობალური საფრთხის ფონზე, ახლა გაძლიერებული თანამშრომლობისა და საერთო გადაწყვეტილებების დროა. თავიდან უნდა ავიცილოთ ქმედებები, რომლებიც ასუსტებს საერთაშორისო შედეგებს. ამ კონტექსტში, ჩვენ მოვუწოდებთ აშშ-ს, გადახედოს გამოცხადებულ გადაწყვეტილებას“, – წერს ფონ დერ ლაიენი.
ამერიკის შეერთებული შტატები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობას წყვეტს. ამის შესახებ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ქვეყნის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.