ევროკომისიის პრეზიდენტად ურსულა ფონ დერ ლაიენი აირჩიეს
ევროკომისიის პრეზიდენტად ურსულა ფონ დერ ლაიენი აირჩიეს

ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე ურსულა ფონ დერ ლაიენი აირჩიეს. გერმანელ პოლიტიკოსს 747-სავარძლიან ევროპარლამენტში ასარჩევად 374 ხმის მოპოვება სჭირდებოდა. ხმების დათვლის შედეგად კი დადგინდა, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენმა 383 ხმა მოიპოვა. მის წინააღდეგ კი 327-მა დეპუტატმა მისცა ხმა. შესაბამისად, ის ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე წინამორბედს, ჟან-კლოდ იუნკერს პირველი ნოემბრიდან შეცვლის.

გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ურსულა ფონ დერ ლაიენი გაერთიანების ისტორიაში ევროკომისიის პირველი ქალი ხელმძღვანელია. აღსანიშნავია, რომ 2013 წელს პოლიტიკოსი გერმანიის თავდაცვის პირველი ქალი მინისტრი გახდა. მას შემდეგ, ფონ დერ ლაიენს აღნიშნული თანამდებობა უკავია. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ის ანგელა მერკელის მჭიდრო მოკავშირეა და საზოგადოების დიდი ნაწილი გერმანიის მომავალ კანცლერად მოიაზრებდა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი ბრიუსელში დაიბადა, 13 წლის ასაკში კი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა, რის შემდეგაც ლონდონის ეკონომიკის სკოლაში ჩაირიცხა და სწავლა დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში განაგრძო. მოგვიანებით, ურსულა ფონ დერ ლაიენმა თავი მედიცინის სფეროში სცადა. ის ჰანოვერში, სამედიცინო სასწავლებელში გინეკოლოგიას სწავლობდა.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა პოლიტიკური კარიერა 43 წლის ასაკში დაიწყო. მას შემდეგ, ის გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრია. ურსულა ფონ დერ ლაიენს 2001-2004 წლებში ჰანოვერში სხვადასხვა პოლიტიკური თანამდებობები ეკავა. 2003 წელს კი ქვემო საქსონიის პარლამენტის წევრი გახდა.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა საკვანძო პოზიცია პირველად  2005 წელს დაიკავა, როდესაც ანგელა მერკელმა ის საოჯახო საკითხების, ხანდაზმული მოქალაქეების, ქალების და ახალგაზრდების სამინისტროს ხელმძღვანელად დანიშნა. ოთხი წლის შემდეგ, მან ბუნდესტაგში, გერმანიის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დაიკავა სავარძელი.

მიუხედავად იმისა, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენის პოლიტიკური გამოცდილება არცთუ ბევრ წელს ითვლის, მას აღნიშნულ სფეროსთან მაინც მჭიდრო კავშირი აქვს. ურსულა ფონ დერ ლაიენის მამას საქსონიის მხარეში აქტიური პოლიტიკური კარიერა ჰქონდა.

60 წლის ურსულა ფონ დერ ლაიენს შვიდი შვილი ჰყავს.