ევროკომისიის ანგარიში - ორგანიზებულმა დანაშაულებრივმა ჯგუფებმა საქართველოდან ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში თავიანთი საქმიანობა შეცვალეს და სახლების ძარცვიდან მაღაზიების ძარცვაზე გადავიდნენ
ევროკომისიის ანგარიში - ორგანიზებულმა დანაშაულებრივმა ჯგუფებმა საქართველოდან ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში თავიანთი საქმიანობა შეცვალეს და სახლების ძარცვიდან მაღაზიების ძარცვაზე გადავიდნენ

საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები საქართველოდან კვლავ აქტიურობენ შენგენ+ ზონაში და საკუთრების ხელყოფასთან დაკავშირებულ ორგანიზებულ დანაშაულებში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, – ამის შესახებ დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულებაზე ევროკომისიის ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშის მიხედვით, „ორგანიზებულმა დანაშაულებრივმა ჯგუფებმა საქართველოდან ევროკავშირის რამდენიმე წევრ სახელმწიფოში თავიანთი საქმიანობა შეცვალეს და სახლების ძარცვებიდან მაღაზიების ორგანიზებულ ძარცვებზე გადავიდნენ“.

„ამასთანავე, ზოგიერთი მათგანი თავიანთი საქმიანობისთვის სხვა ქვეყნებში წავიდა, რაც შესაძლოა, გარკვეულწილად ბოლო წლებში ევროკავშირის ბევრი წევრი სახელმწიფოს ორგანიზებულ დანაშაულთან გასამკლავებლად გაზრდილი ძალისხმევის გამო მოხდა. გარდა ამისა, უვიზო რეჟიმის ძალაში შესვლის შემდეგ, ევროკავშირის რამდენიმე წევრმა ქვეყანამ განაცხადა, რომ დაპატიმრებულ კრიმინალთა შორის გაიზარდა საქართველოდან შემოსული თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი. კიბერდამნაშავეები საქართველოდან ჩართულები იყვნენ საერთაშორისო GozNym კრიმინალურ ქსელში, რომელიც 2019 წლის მაისში ევროპის პოლიციის სამსახურის (Europol)6 მიერ მხარდაჭერილი საერთაშორისო სამართალდამცავი ოპერაციის შედეგად იყო ლიკვიდირებული“, – ნათქვამია ანგარიშში.