ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან გამომდინარე მომზადებული „საარჩევნო კოდექსი“ ინიცირებულია
ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან გამომდინარე მომზადებული „საარჩევნო კოდექსი“ ინიცირებულია

ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან გამომდინარე მომზადებული „საარჩევნო კოდექსი“ ინიცირებულია. კანონპროექტის გათვალისწინებით, 2024 წლიდან საქართველო ელექტრონულ საარჩევნო სისტემაზე გადავა. ელექტრონული საარჩევნო სისტემა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველთა რეგისტრაციასა და იდენტიფიცირებას, ხმის მიცემას, ხმების დათვლასა და შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცედურებს გულისხმობს.

პროექტით, იმ უბნებზე, სადაც ელექტრონული მარეგისტრირებელი და მთვლელი აპარატურა არ იქნება, ხმების ამსახველი ბიულეტენების სრული გაციფრულება და ცესკოს ოფიციალურ ვებ-პორტალზე ატვირთვა მოხდება. ამასთან, ცვლილებებით, ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენებაზე არსებული 2000 ლარიანი ჯარიმა გაორმაგდება და 4000 ლარი გახდება. ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენებაზე პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების ვადა კი, ორი თვიდან სამ წლამდე იზრდება. ზემოთ აღნიშნულის გარდა, პროექტით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა დისციპლინური პასუხისმგებლობის დაწესებისთვის განსაზღვრული 30 დღიანი ვადა ნახევრდება და 15 დღედ განისაზღვრება.

ასევე ცვლილებებით, თუ საარჩევნო უბანში დათვლის შედეგად დაფიქსირდა 5 ან 5-ზე მეტი, 10 ან 10-ზე მეტით ნაკლები ბიულეტენი მისულ ამომრჩეველთა რაოდენობასთან შედარებით, საარჩევნო უბანი გადათვლას დაექვემდებარება. მარკირებას დაექვემდებარება ამომრჩეველი, ვინც გადასატანი ყუთით ისარგებლებს.

ამასთან, ცვლილებებით იზრდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ქმედების საოლქო საარჩევნო კომისიაში გასაჩივრების ვადა და ნაცვლად 2 დღისა, 3 დღით განისაზღვრება.

შეზღუდვები დაუწესდებათ პროფესიული ნიშნით არჩეულ საოლქო და საუბნო კომისიის წევრებს, მათი ნეიტრალიტეტისა და მიუკერძოებლობის განსამტკიცებლად.

წესდება საუბნო საარჩევნო კომისიის პროფესიული ნიშნით არჩეულ წევრთა სერტიფიცირება და შეიქმნება სერტიფიცირებულ კომისიის წევრთა ბაზა.

ცვლილებების პროექტით ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციათა მანდატი ფართოვდება – მათ შესაბამისი რეგისტრაციის გავლის საფუძველზე შესაძლებლობა ექნებათ არასაარჩევნო პერიოდში ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომებს დაესწრონ.

რაც შეეხება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, ინიცირებული პროექტის მიხედვით, თითოეული პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო რაოდენობის ზედა ზღვარი ნახევრდება და არ იქნება საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.05%-ზე მეტი, ნაცვლად არსებული 0.1%-ის. კერძოდ, სადღეისოდ თითოეული პარტიისთვის არსებული წლის განმავლობაში ხარჯვითი 60 მილიონ ლარიანი ზედა ზღვარი, 30 მილიონიან ზედა ზღვრამდე მცირდება.