ევროკომისიაში აცხადებენ, რომ რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებების გადადებისა და გახანგრძლივებისთვის საბაბს იყენებს
რუსეთი უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების გადადებისა და გახანგრძლივებისთვის ნებისმიერ საბაბს იყენებს. რუსული მხარის განცხადება მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდთან დაკავშირებით ბუნდოვანების არსებობის შესახებ სწორედ ასეთი საბაბის გამოყენებაა, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერებმა, პაულა პინიომ და ანიტა ჰიპერმა გააკეთეს განცხადება.
მათი შეფასებით, რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებების გადადების მიზნით მუდმივად საბაბს ეძებს.
„რა თქმა უნდა, რუსეთისთვის ნებისმიერი საბაბი, რათა შეხვედრა არ შედგეს, კარგი მიზეზია“, – განაცხადა პაულა პინიომ.
ანიტა ჰიპერმა აღნიშნა, რომ „ადგილმდებარეობა საბაბად არ უნდა იქნას გამოყენებული“.
„ჩვენ ახლა რასაც ვხედავთ, არის, რომ რუსეთი ნებისმიერ საბაბს, რასაც კი იპოვის, იყენებს იმისთვის, რომ უბრალოდ გაახანგრძლივოს, გადადოს და უკრაინაში უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ თავდასხმები გააგრძელოს. თუმცა ჩვენი მიზანი არ შეცვლილა. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით და მშვიდობის მისაღწევად ვმუშაობთ“, – განაცხადა ჰიპერმა.
შეგახსენებთ, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების ახალი რაუნდის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ სიცხადე არ არსებობს.
„ჯერჯერობით არ არის ნათელი დრო ან ადგილმდებარეობა. როგორც კი ნათელი გახდება, შეგატყობინებთ“, – აღნიშნა პესკოვმა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი განაცხადა, რომ სამმხრივი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, რომლის ჩატარებაც მარტის დასაწყისში იყო დაგეგმილი, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო არ გადადებულა. ამასთან, ზელენსკიმ გამოთქვა სურვილი, შეხვედრა ევროპაში შედგეს. მისივე თქმით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო შეხვედრა, შესაძლოა, აბუ-დაბიში არ ჩატარდეს.