ევროკომისიამ იტალიის ბიუჯეტის კანონპროექტი უარყო
ევროკომისიამ იტალიის ბიუჯეტის კანონპროექტი უარყო

ევროკომისიამ იტალიის ბიუჯეტი უარყო. ოფიციალურ რომს ახალი პროექტის წარსადგენად სამი კვირა აქვს. ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვალდის დომბროვსკისმა სპეციალურად ამ თემაზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ ალტერნატივას ვერ ვხედავთ გარდა იმისა, რომ ვთხოვოთ იტალიის პრეზიდენტს, 2019 წლის ბიუჯეტის გეგმებს კიდევ ერთხელ გადახედოს. ჩვენ კონსტრუქციული და ღია დიალოგის იმედი გვაქვს“,- განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე და დაამატა, რომ იტალიის ვალი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდია.

ევროკომისიის წარმომადგენლების ცნობით, რომის მიერ წარდგენილი გეგმა 2019 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით მისთვის დაკისრებულ ვალდებულებებს არ შეესაბამება.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ინსტიტუტი აქამდე ქვეყნის ეროვნული ბიუჯეტის დამტკიცების პროცესში არ ჩარეულა.