ევროკომისიამ გამოაცხადა ზომების პაკეტი, რომელიც ენერგომატარებლებზე ფასების ზრდის წინააღმდეგ არის მიმართული
ევროკომისიამ გამოაცხადა ზომების პაკეტი, რომელიც ენერგომატარებლებზე ფასების ზრდის წინააღმდეგ არის მიმართული

ევროკომისიამ გამოაცხადა ზომების პაკეტი, რომელიც ენერგომატარებლებზე ფასების ზრდის წინააღმდეგ არის მიმართული. წარმოდგენილ ზომებს შორის არის გადასახადების შემცირება და ევროკავშირის წევრების მიერ საწვავის ერთობლივი შესყიდვა.

„მოკლევადიანი ეროვნული ზომები მოიცავს შინამეურნეობების შემოსავლების საგანგებო მხარდაჭერას, კომპანიების სახელმწიფო დახმარებას და გადასახადების მიზნობრივ შემცირებას. კომისია ასევე მხარს დაუჭერს ინვესტიციებს ენერგიის განახლებად წყაროებში და ენერგოეფექტურობაში; შეისწავლის ენერგიის შენახვისა და გაზის რეზერვების შექმნას და შეაფასებს ელექტროენერგიის ბაზრის ამჟამინდელ სტრუქტურას“, – ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

როგორც ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა კადრი სიმსონმა ზომების პაკეტის წარდგენისას განაცხადა, ენერგომატარებლების გლობალური ფასის ზრდა არის ევროკავშირისთვის შეშფოთების სერიოზული მიზეზი.

„როდესაც გამოვდივართ პანდემიიდან და ვიწყებთ ეკონომიკურ აღდგენას, მნიშვნელოვანია მოწყვლადი მომხმარებლების დაცვა და ევროპული კომპანიების მხარდაჭერა. ევროკომისია ეხმარება წევრ ქვეყნებს, მიიღონ დაუყოვნებლივი ზომები, რათა შინამეურნეობებსა და ბიზნესზე ამ ზამთარს ზეგავლენა შეამცირონ. ამასთან, ჩვენ განვსაზღვრავთ სხვა საშუალოვადიან ზომებს, რათა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი ენერგოსისტემა იყოს უფრო მდგრადი და მოქნილი, რათა მომავალში, გარდამავალ პერიოდში ნებისმიერ არასტაბილურობას გაუძლოს“, – განაცხადა კადრი სიმსონმა.

მომხმარებლებისა და კომპანიების დასაცავად გადაუდებელი ზომები ითვალისწინებს დაბალი შემოსავლის მქონე მომხმარებლების მხარდაჭერას. მაგალითად, ვაუჩერებისა ან კომუნალური გადასახადების ნაწილობრივ გადახდით ანდა გადავადებით, ასევე კომპანიების დახმარებას.

იანვრის შემდეგ ბუნებრივი აირის საბითუმო ფასი 250%-ით გაიზარდა, რამაც მომხმარებლებისა და საწარმოების ხარჯების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. საწვავის ზრდის მიზეზებს შორის „კოვიდ-19“-ის პანდემიის შედეგად დაზარალებული ეკონომიკის აღდგენის პროცესში ბუნებრივ აირზე მაღალ მოთხოვნას ასახლებენ.