ევროკომისიამ ბალტიის ქვეყნებს დრონების საწინააღმდეგო სისტემებისთვის 500 მილიონი ევროს გამოყოფაზე უარი უთხრა
ესტონეთის პოლიციისა და სასაზღვრო დაცვის დეპარტამენტმა (PPA) აღმოსავლეთ საზღვარზე დრონების აღმოჩენის პირველი სისტემა დაამონტაჟა
ევროკომისიამ უარი თქვა, დაეკმაყოფილებინა ბალტიის ქვეყნების თავდაცვის მინისტრების მიმართვა აღმოსავლეთ ფლანგის დრონებისგან თავდაცვის გაძლიერების მიზნით დამატებით 500 მილიონი ევროს გამოყოფის თაობაზე და მათ ამ თანხის სესხება შესთავაზა.
ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის მინისტრებმა ეს მოთხოვნა ბრიუსელში სექტემბრის ბოლოს გაგზავნეს.
წერილი საიდუმლო იყო, თუმცა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა, რობერტას კაუნასმა ლიეტუვის საზოგადოებრივ მაუწყებელს (LRT) განუცხადა, რომ ბალტიის ქვეყნებს სურდათ, დრონების აღმოჩენის, გზის გადაჭრის და ხელოვნური ინტელექტისა ტექნოლოგიები საჰაერო თავდაცვის ერთიან სისტემაში გაეერთიანებინათ.
თუმცა, როგორც თავდაცვის და კოსმოსის საკითხების ევროკომისარმა, ანდრიუს კუბილიუსმა, ოთხშაბათს, LRT-სთან საუბრისას აღნიშნა, ევროკომისიამ ბალტიის ქვეყნებს უპასუხა, რომ მათთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფას ვერ შეძლებდა.
„ახლა ერთ-ერთ შესაძლებლობად რჩება SAFE-ის მექანიზმის ფარგლებში დამატებითი დაფინანსების გამოყოფა. უახლოეს მომავალში ახალი განაცხადების მიღებას გამოვაცხადებთ, რადგან პირველი ეტაპის შემდეგ 21 მილიარდი ევრო აუთვისებელი დარჩა“, – განაცხადა კუბილიუსმა.
„ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროგრამა“ (SAFE) გასულ წელს ამოქმედდა და ევროკავშირის მასშტაბით თავდაცვის შესყიდვებისთვის, ჯამურად, 150 მილიარდი ევროს ოდენობის შეღავათიანი სესხების გამოყოფას ითვალისწინებს.