ევროკომისია უკრაინისთვის დამატებით ხუთი მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავს
ევროკომისია უკრაინისთვის მაკროფინანსური დახმარების სახით დამატებით ხუთი მილიარდი ევროს გამოყოფის შეთავაზებით გამოვა. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ უკრაინის პრემიერ-მინისტრთან, დენის შმიგალთან შეხვედრის შემდეგ დაწერა.
„სიტუაცია უკრაინაში კვლავ საჭიროებს ჩვენს ურყევ მხარდაჭერას. ამ დრომდე გამოყოფილ 10 მილიარდ ევროსთან ერთად, ჩვენ მიმდინარე კვირას შევთავაზებთ მაკროფინანსური დახმარების სახით დამატებით 5 მილიარდ ევროს“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი „ტვიტერში“.
დენის შმიგალი ურსულა ფონ დერ ლაიენს ბრიუსელში 5 სექტემბერს გამართული უკრაინა-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს ფარგლებში შეხვდა. შეხვედრის შემდეგ, შმიგალმა აღნიშნა, რომ უკრაინას ევროკავშირთან პირველი ოქტომბრიდან შემსუბუქებული საბაჟო რეჟიმი ექნება. მან მადლობა გადაუხადა ურსულა ფონ დერ ლაიენს უკრაინის დახმარების საკითხებში მუდმივი ჩართულობისთვის.