ევროკომისია - საქართველო ვიზალიბერალიზაციის პირობებს ასრულებს 
ევროკომისია - საქართველო ვიზალიბერალიზაციის პირობებს ასრულებს 

ევროკომისიის შეფასებით, საქართველო ვიზალიბერალიზაციის პირობებს და აღებულ ვალდებულებებს ასრულებს, – ამის შესახებ ნათქვამია დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელშიც ევროკომისია აფასებს ვიზების ლიბერალიზაციის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას რვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ არალეგალური მიგრაციის კუთხით არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში, ევროკავშირის ტერიტორიაზე უკანონოდ დარჩენისა და წევრ სახელმწიფოებში შესვლაზე ნათქვამი უარის მაჩვენებლები სტაბილურ ნიშნულზეა.

„2016 წლის მეორე ნახევრისა და 2017 წლის შუარიცხვების სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი არ გაზრდილა. ევროკავშირში შესვლაზე ნათქვამი უარის შემთხვევები 39%-ით არის შემცირებული. 2015 წელს ეს რიცხვი 1330-ს შეადგენდა, ხოლო 2016 წელს 810-ს. 3%-ით არის შემცირებულია ასევე ევროპაში უკანონოდ მყოფი საქართველოს მოქალაქეების რიცხვიც. 7,2 პროცენტით არის გაზრდილი იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ევროკავშირს თავშესაფრის მიღების მოთხოვნით მიმართა. 2015 წელს მათი რაოდენობა 8110 იყო, ხოლო 2016 წელს – 8700.

ამასთან, უცვლელი დარჩა იმ მოქალაქეთა რიცხვი, ვინც ევროპაში თავშესაფარი მიიღო. 2015 წელთან შედარებით, 12%-ით არის შემცირებული საქართველოს იმ მოქალაქეთა რიცხვი, რომელთაც ევროკავშირის ტერიტორია დატოვება მოსთხოვეს. ამავდროულად, მოქალაქეთა 55.90%-მა ეს მოთხოვნა შეასრულა.

მიუხედავად იმისა, რომ სამშობლოში დაბრუნებულთა მაჩვენებელი შედარებით მოკრძალებულია, ევროკავშირის წევრი ქვეყნები რეადმისიის ფარგლებში საქართველოსთან თანამშრომლობას შესანიშნავი უწოდეს. 2016 წელს რეადმისიის შესახებ მოთხოვნათა უმრავლესობა საქართველოს მთავობამ შეასრულა“ – ნათქვამია ანგარიშში.

ევროკომისიაში ხაზს უსვამენ, რომ საქართველოს 2016-2020 წლების საიმიგრაციო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შესრულებაში პროგრესს მიაღწია და აგრძელებს ვიზების ლიბერალიზაციის ვალდებულებების შესრულებას.

„საქართველომ ჩაატარა საერთო ეროვნული საინფორმაციო კამპანია და უვიზო რეჟიმის წესების ტრენინგი. ასევე, მონიტორინგს უწევს შენგენის ზონაში მოგზაურობებს“, – ნათქვამია ანგარიშში.

ამავე დროს, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ 2017 წელს თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოში უარყოფილია.

„ამის მიზეზად ხშირად ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს ასახელებენ. ეს შეშფოთების საგანია და რეაგირებას საჭიროებს“, – ნათქვამია ანგარიშში.