ევროკომისარი მაიკლ მაკგრატი - ევროკავშირი უნგრეთში კანონის უზენაესობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს
ევროკომისარი მაიკლ მაკგრატი - ევროკავშირი უნგრეთში კანონის უზენაესობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს

ევროკავშირი უნგრეთში კანონის უზენაესობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს. ამის შესახებ დემოკრატიის საკითხებში ევროკომისარმა, მაიკლ მაკგრატმა განაცხადა.

ბუდაპეშტის მიერ ლგბტ პრაიდის აკრძალვასთან დაკავშირებით მაკგრატმა აღნიშნა, რომ ეს ევროკავშირის კანონმდებლობის დარღვევაა.

„ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის ევროკავშირის კანონმდებლობის დარღვევა. ჩვენ ვთხოვეთ უნგრეთის მთავრობას, გაეწვია ეს კანონპროექტი და თუ ეს არ მოხდება და ისინი განაგრძობენ კანონმდებლობის მიღებას, ჩვენ მზად ვართ, ვისარგებლოთ ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტებით“, – განაცხადა ევროკომისარმა.

მანამდე „პოლიტიკომ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის წევრმა 14-მა ქვეყანამ ერთობლივი წერილი გაუგზავნა ევროკომისიას, სადაც მოუწოდებს ბრიუსელს, დაუყოვნებლივ სრული მასშტაბით გამოიყენოს ყველა არსებული იურიდიული რეგულირების საშუალება, რათა ბუდაპეშტი აიძულოს, უარი თქვას პრაიდის აკრძალვაზე.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ უნგრეთის რიგი კანონები, რომლებიც ბავშვთა დაცვის საბაბით ემუქრება ჯარიმებით ლგბტ ღონისძიებების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, ეწინააღმდეგება ადამიანის ღირსების, თავისუფლების, თანასწორობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომლებიც დამკვიდრებულია ევროკავშირში მე-2 მუხლით. როგორც „პოლიტიკო“ წერს, მოგვიანებით ამ წერილს შეუერთდნენ საფრანგეთი და გერმანიაც, თუმცა რა კონკრეტული ზომებისკენ მოუწოდებენ ბრიუსელს ისინი, უცნობია.