ევროკომისარი კადრი სიმსონი - ნებისმიერი ქვეყანა შეიძლება, იყოს შემდეგი, რომელსაც რუსეთი გაზის მიწოდებას შეუწყვეტს
ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისრის, კადრი სიმსონის განცხადებით, ნებისმიერი ქვეყანა შეიძლება, იყოს შემდეგი, რომელსაც რუსეთი გაზის მიწოდებას შეუწყვეტს. ამის შესახებ ევროკომისარმა ევროკავშირის ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კადრი სიმსონის თქმით, „გაზპრომის“ მიერ ბულგარეთისა და პოლონეთისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტა არის მიმდინარე კრიზისის გარდამტეხი მომენტი.
ევროკომისრის ინფორმაციით, ამჟამად პოლონეთისა და ბულგარეთის გაზმომარაგება ალტერნატიული მარშრუტებით – საბერძნეთიდან და გერმანიიდან გრძელდება.
ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისრის თქმით, იმის მიუხედავად, რომ ევროპის გაზმომარაგებას მყისიერი საფრთხე არ ემუქრება, შექმნილი სიტუაცია ნიშნავს, რომ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა განაახლონ საგანგებო ვითარებისთვის ეროვნული გეგმები, შექმნან ზამთრისთვის გაზის მარაგები და მოახდინონ ენერგორესურსების წყაროების დივერსიფიცირება.
საფრანგეთის გარემოს დაცვის მინისტრმა, ბარბარა პომპილიმ განაცხადა, რომ 5 მაისს სოფიაში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს პოლონეთსა და ბულგარეთში შექმნილ ენერგეტიკულ სიტუაციასთან გასამკლავებლად.
„ჩვენ სიტუაციას ყურადღებით მივადევნებთ თვალს. რეგიონული სამუშაო ჯგუფი შეიქმნება პირველ შეხვედრაზე 5 მაისს სოფიაში. ზოგადად, რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება მხოლოდ აძლიერებს საჭიროებას, შევამციროთ რუსეთიდან წიაღისეული საწვავის იმპორტი , როგორც ეს ჩაიწერა მარტის დასაწყისში ვერსალის სამიტზე“, – განაცხადა საფრანგეთის გარემოს დაცვის მინისტრმა, ბარბარა პომპილიმ.
ამასთან, ევროკომისარმა კადრი სიმსონმა განაცხადა, რომ გაზის საფასურის რუბლებში გადახდა იქნება სანქციების დარღვევა.
„რუბლებში გადახდა რუსეთის სახელმწიფო ორგანოების მიერ შექმნილი კონვერტაციის მექანიზმით და „გაზპრომბანკში“ მეორე სპეციალური ანგარიშით, არის სანქციების დარღვევა და მიუღებელია. ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და კომპანიებს არ უნდა ჰქონდეთ ილუზიები, რომ მათ შეუძლიათ, ენდონ „გაზპრომისა“ და რუსეთის რეჟიმის კეთილსინდისიერებას ამ საკითხში“, – განაცხადა კადრი სიმსონმა.