ევროკავშირში უკრაინის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ევროკომისიაში უარყოფენ მარცვლეულის აკრძალვის გაგრძელების შესახებ წინადადების წარდგენას
ევროკომისიაში უარყვეს მარცვლეულის აკრძალვის გაგრძელების შესახებ წინადადების წარდგენა, – ამის შესახებ ევროკავშირში უკრაინის წარმომადგენელმა, ვსევოლოდ ჩენცოვმა „ევროპეისკაია პრავდას“ განუცხადა.
ჩენცოვის თქმით, ევროკომისიაში უარყვეს ინფორმაცია უკრაინის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტის დროებითი შეზღუდვების გახანგრძლივების შესახებ, რომელიც 15 სექტემბერს დასრულდება.
ჩენცოვმა განაცხადა, რომ ბრიუსელში მიმდინარეობს უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტისა და ტრანზიტის შესახებ ერთობლივი საკოორდინაციო პლატფორმის მე-9 შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ევროკომისიისა და უკრაინის მეზობელი ევროკავშირის წევრი ქვეყნების შესაბამისი დირექტორები, რომელთა თავმჯდომარეც მაიკლ ჰაგერია.
მანამდე პოლონურმა რადიო RMF24-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაიკლ ჰაგერმა შესთავაზა, 15 სექტემბრის შემდეგ კვლავ გახანგრძლივებულიყო დროებითი აკრძალვა უკრაინული სოფლის მეურნეობის გარკვეული სახეობების იმპორტზე, როგორც ამას პოლონეთი და უნგრეთი მოითხოვდნენ.
„ჰაგერმა ჩემს კითხვაზე, შეესაბამება თუ არა RMF-ის ეს მესიჯი რეალობას, უარყო იგი“, – თქვა ჩენცოვმა „ევროპეისკაია პრავდასთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
მედია წერს, რომ ევროკომისიის სამოქმედო სტრატეგიის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიღებულა და შეუძლებელია იმის გარანტირება, რომ ასეთი წინადადება 15 სექტემბრამდე არ გამოჩნდება.