ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა გაზრდილია
ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა გაზრდილია

ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა გაზრდილია. 2019 წლის იანვრიდან აპრილის ბოლომდე ევროკავშირის ტერიტორიაზე თავშესაფარი 206 500-მა ადამიანმა მოითხოვა. ეს 15 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან. როგორც „დოიჩე ველე“ წერს, აღნიშნული მონაცემები ევროკავშირის ქვეყნების ყოველთვიურ ანგარიშებს ეყრდნობა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა კლების ტენდენცია შეინიშნებოდა. მაგალითად, 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, ევროკავშირში იმ მიგრანტების რიცხვი, რომლებმაც ლტოლვილის სტატუსი მოითხოვეს, 11 პროცენტით შემცირდა.

ანგარიშის მიხედვით, თავშესაფრის მაძიებელთა საერთო რაოდენობის მეოთხედს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნების მოქალაქეები წარმოადგენენ. კერძოდ, გაზრდილია ლათინური ამერიკიდან და ბალკანეთის ქვეყნებიდან ევროკავშირში ჩასული მიგრანტების რაოდენობა.

ევროკავშირში 2019 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით სირია ლიდერობს – 20 392 სირიელმა შეიტანა განაცხადი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რვა პროცენტით ნაკლებია. 121 პროცენტით გაზრდილია ვენესუელის მოქალაქეების რიცხვი.

პოლიტიკური კრიზისით მოცული ვენესუელიდან ევროკავშირში ლტოლვილის სტატუსის მიღების განაცხადი 14 257 ადამიანმა შეიტანა. 36 პროცენტით გაზრდილია ავღანელების რაოდენობა – 14 042 ადამიანი.