ევროკავშირში სერბეთის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების მომდევნო ეტაპი 8 ქვეყანამ დაბლოკა
ბულგარეთი და შვიდი სხვა ქვეყანა ევროკავშირში სერბეთის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ახალი რაუნდის დაწყებას ეწინააღმდეგებიან
სერბეთთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ახალი რაუნდის დაწყებას ბულგარეთი და კიდევ შვიდი ქვეყანა ეწინააღმდეგება. ამის შესახებ 8 ივლისს ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეხვედრაზე გახდა ცნობილი.
ევროპული მედიის მიერ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოლაპარაკებების ახალი კლასტერის გახსნის წინააღმდეგ, ბულგარეთის გარდა, ასევე გამოვიდნენ ნიდერლანდები, შვედეთი, ფინეთი, ბელგია, ესტონეთი, ლიეტუვა და ხორვატია.
ევროკომისიამ წევრ ქვეყნებს შესთავაზა, დაემტკიცებინათ სერბეთთან მოლაპარაკებების მე-3 კლასტერის გახსნა, რომელიც მოლაპარაკებების რვა თავს მოიცავს და კონკურენტუნარიანობასა და ინკლუზიურ ზრდას ეხება. მოლაპარაკებების ახალი კლასტერის გასახსნელად წევრი ქვეყნების ერთსულოვანი მხარდაჭერაა საჭირო.
8 ივლისს, ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა ევროპარლამენტში განაცხადა, რომ მე-3 კლასტერის გახსნის რეკომენდაცია სერბეთში ბოლო დროს დაფიქსირებული პოზიტიური მოვლენების გათვალისწინებით გაიცა. ევროკომისიის განცხადებით, ბელგრადთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს, რათა ქვეყანა დასავლეთ ბალკანეთის სხვა კანდიდატ ქვეყნებს არ ჩამორჩეს.
თუმცა, ევროკავშირის მრავალი წევრი ქვეყანა სერბეთის მიმართ დღემდე სკეპტიკურად არის განწყობილი. მათ პოზიციას სერბეთში კანონის უზენაესობის, კორუფციისა და მედიის თავისუფლების პრობლემები, ასევე რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე უარი განაპირობებს. ამავდროულად, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ ბელგრადს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე სტიმული უნდა მიეცეს, რადგან ბლოკს ძლიერი და დემოკრატიული სერბეთი სჭირდება.
ევროკომისიამ აღნიშნა, რომ ბელგრადი თანამშრომლობს ევროკავშირთან სანქციებისთვის გვერდის ავლის აღსაკვეთად, მან (სერბეთმა) მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია უკრაინას და კიევთან მაღალი დონის პოლიტიკური კონტაქტები გააძლიერა.
სერბეთმა ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადი 2009 წელს წარადგინა, 2012 წელს კი კანდიდატის სტატუსი მიიღო.
სტატიის ავტორი: დესისლავა აპოსტოლოვა, ბულგარეთის ეროვნული ტელევიზია (БНТ)
ფოტოს ავტორი: ბულგარეთის ეროვნული ტელევიზია (БНТ)