ევროკავშირში ჩინეთის მისია ნატო-ს მოუწოდებს, შეწყვიტოს ჩინეთიდან მომდინარე საფრთხეებზე საუბარი
ევროკავშირში ჩინეთის მისია ნატო-ს მოუწოდებს, შეწყვიტოს ჩინეთიდან მომდინარე საფრთხეებზე საუბარი

ევროკავშირში ჩინეთის მისია ნატო-ს მოუწოდებს, შეწყვიტოს „ჩინეთის საფრთხის თეორიის“ გაზვიადება. ეს განცხადება ჩინეთის მისიაში მას შემდეგ გაკეთდა, რაც ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდრებმა განაცხადეს, რომ ჩინეთი სისტემურ გამოწვევებს წარმოადგენს.

ჩინეთის მისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნატო-ს განცხადება ჩინეთის მშვიდობიანი განვითარებისთვის ცილისმწამებლურია, ის არასწორად აფასებს საერთაშორისო სიტუაციას და „ცივი ომის“ მენტალიტეტზე მიუთითებს. მათივე განცხადებით, ჩინეთი ყოველთვის ისწრაფვის მშვიდობიანი განვითარებისკენ.

„ჩვენ არ წარმოვადგენთ სისტემურ გამოწვევას ვინმესთვის, თუმცა ვინმეს თუ სურს, იყოს „სისტემური გამოწვევა“ ჩვენთვის, ჩვენ ინდიფერენტული არ დავრჩებით“, – ნათქვამია ევროკავშირში ჩინეთის მისიის განცხადებაში.

ნატო-ს სამიტის კომუნიკეს თანახმად, ჩინეთის გაცხადებული ამბიციები და შეუპოვარი ქმედებები წარმოადგენს სისტემურ გამოწვევებს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო დღის წესრიგისთვის და ალიანსის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სფეროებისთვის. აშშ-ის პრეზიდენტმა ნატო-ს ლიდერებს მოუწოდა, წინ აღუდგნენ ჩინეთის ავტორიტარიზმსა და მზარდ სამხედრო სიძლიერეს.