ევროკავშირში ავტომობილებს „შავი ყუთი“ ექნებათ. როგორც ევროკომისიის პრესსამსახური იუწყება, ევროპარლამენტმა, ევროპულმა საბჭომ და ევროკომისიამ მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც 2022 წლიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე გასაყიდად გამოტანილ ავტომობილებს „შავი ყუთი“ ექნებათ.
აღნიშნული ვალდებულება ავტომწარმოებლებს დაეკისრებათ. მათ ასევე მოუწევთ მსუბუქ და სატვირთო ავტომობილებში ახალი სამუხრუჭე, სიჩქარის შემზღუდავი სისტემისა და საგზაო უსაფრთხოების სხვა თანამედროვე საშუალებების დაყენება.
როგორც ევროკომისიაში განმარტავენ, სიახლე აუცილებელია, რათა ევროკავშირის მოქალაქეების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული.
„შავი ყუთი“ დაეხმარება პოლიციას, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი დაადგინოს. სისტემა ასევე დააფიქსირებს რამდენად ყურადღებით იცავს მძღოლი საგზაო მოძრაობის წესებს.
ევროკომისიაში იმედი აქვთ, რომ ამ ზომების მიღების შემდეგ 2038 წლისთვის სულ მცირე 25 ათასი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდება.