ევროკავშირში აცხადებენ, რომ აჩერებენ კოსოვოს ფინანსურ მხარდაჭერას და ვითარების განმუხტვას ელოდებიან
ევროკავშირში აცხადებენ, რომ აჩერებენ კოსოვოს ფინანსურ მხარდაჭერას და ვითარების განმუხტვას ელოდებიან. ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ გააკეთა.
მისივე განმარტებით, საუბარი არ არის სანქციებზე, რადგან ევროკავშირი შემზღუდველ ზომებს მკაფიო საკანონმდებლო საფუძვლებზე დაყრდნობით იღებს.
„ვითარების ესკალაციის ფონზე, რასაც ჩვენ თვალს ვადევნებთ ივნისის დასაწყისიდან, 27 წევრი ქვეყანა აცხადებს, რომ ელოდება დაძაბულობის განმუხტვას კოსოვოსა და სერბეთს შორის, განსაკუთრებით, კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში, რაც გამოწვეულია არჩევნებით და მათი შედეგების იმპლემენტაციით ოთხ მუნიციპალიტეტში“, – განაცხადა სტანომ.
მისივე თქმით, მანამდე ევროკავშირი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ, ვითარების დაუყოვნებლივი განტვირთვის გარეშე, არსებულ სიტუაციას აუცილებლად მოჰყვებოდა შედეგები.
„ჩვენი მოწოდების მიუხედავად, კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ჯერ ვერ შეძლო გაბედული ნაბიჯების გადადგმა დაძაბულობის მოსახსნელად. მისი ხუთპუნქტიანი გეგმა ვერ მოაგვარებს მთავარ საკითხებს, რომლებმაც გამოიწვია კრიზისი“, – განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების პრესსპიკერმა.
სტანოს განცხადებით, ამის გამო მიღებულია გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ შეწყდეს კოსოვოში უმაღლესი დონის ვიზიტები და შეჩერდეს კოსოვოსთან ფინანსური ურთიერთქმედება.
ცნობისთვის, კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში გამართულ არჩევნებში, რომლებსაც სერბებმა ბოიკოტი გამოუცხადეს, ალბანური წარმოშობის პოლიტიკოსებმა გაიმარჯვეს. ამ არჩევნებზე აქტივობამ 4%-ზე ნაკლები შეადგინა. ამის შემდეგ სერბულ დასახლებებში არეულობა დაიწყო. საპროტესტო აქციების მონაწილეები თავს დაესხნენ ნატო-ს მშვიდობისმყოფელებს.