ევროკავშირსა და „მერკოსურს“ (სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს) შორის სავაჭრო შეთანხმება გაფორმდა. 25-წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ მხარეებმა შეთანხმებას ხელი პარაგვაის დედაქალაქ ასუსიონში მოაწერეს.
შეთანხმების ძალაში შესასვლელად, რომელიც მიზნად ისახავს ტარიფების შემცირებას და ორ რეგიონს შორის ვაჭრობის გააქტიურებას, ახლა საჭიროა ევროპარლამენტის თანხმობა; ასევე, ის უნდა რატიფიცირდეს „მერკოსურის“ წევრი ქვეყნების – არგენტინის, ბრაზილიის, პარაგვაისა და ურუგვაის საკანონმდებლო ორგანოების მიერ.
ფერმერებისა და გარემოსდაცვითი ჯგუფების უკმაყოფილების მიუხედავად, რომლებიც ფიქრობენ, რომ სამხრეთამერიკული იაფფასიანი პროდუქტის იმპორტი გაიზრდება, ევროპის ქვეყნებმა მაინც შეძლეს, კონსენსუსისთვის მიეღწიათ.
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, შეთანხმება მსოფლიოში ყველაზე დიდ თავისუფალი ვაჭრობის ზონას შექმნის.
„ეს შეთანხმება ძალიან ძლიერ გზავნილს აგზავნის მსოფლიოსთვის. ის ასახავს მკაფიო და გააზრებულ არჩევანს. ჩვენ ვირჩევთ სამართლიან ვაჭრობას ტარიფების ნაცვლად. ჩვენ ვირჩევთ პროდუქტიულ, გრძელვადიან პარტნიორობას იზოლაციის ნაცვლად“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.