ევროკავშირსა და გაერო-ში ითხოვენ, ნიკოლას მადუროზე თავდასხმაში ეჭვმიტანილის სიკვდილის გარემოებები დადგინდეს
ევროკავშირი და გაერო ნიკოლას მადუროზე თავდასხმაში ეჭვმიტანილის სიკვდილის გარემოებების გამოძიებას ითხოვს. ოფიციალური ვერსიით, ოპოზიციონერი, ფერნანდო ალბან სალაზარი ბოლივარის ეროვნული დაზვერვის სამსახურის შენობის ფანჯრიდან გადმოხტა და თავი მოიკლა. როგორც გაერო-ს ადამიანის უფლებების დაცვის სამმართველო იუწყება, ვენესუელის ხელისუფლებამ ეჭვმიტანილის უსაფრთხოების სათანადოდ დაცვა ვერ მოახერხა.
იგივე მოთხოვნები აქვს ბრიუსელს. ევროპულ გაერთიანებაში მიიჩნევენ, რომ ლათინური ამერიკის ქვეყანაში ოპოზიციონერის სიკვდილის გარემოებების დასადგენად დამოუკიდებელი, გამჭვირვალე გამოძიება უნდა ჩატარდეს. ამასთან, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ფედერიკა მოგერინი ვენესუელას პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროზე თავდასხმა 4 აგვისტოს, სამხედრო აღლუმის დროს მოხდა. ცოტა ხანში კი სამართალდამცველებმა საქმეში ეჭვმიტანილი რამდენიმე პირი დააკავეს. მათ შორის იყო ოპოზიციონერი ფერნანდო ალბან სალაზარი, რომელმაც გამოძიების ოფიციალური ვერსიით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.