ევროკავშირმა რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა
ევროკავშირმა რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

ევროკავშირმა რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. ე.წ. შავ სიაში 160 ოლიგარქი და რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრები მოხვდნენ.

შეზღუდვები შეეხო რუსეთში საზღვაო-სანავიგაციო ტექნიკის ექსპორტსა და კრიპტოაქტივებს, ასევე ბელარუსის საბანკო სექტორს. მათ შორის, სანქციები „სვიფტთან“ წვდომას უზღუდავს „ბელაგროპრომბანკს“, ბანკ „დაბრაბიტსა“ და „ბელარუსის განვითარების ბანკს“, ისევე როგორც ბელარუსულ შვილობილ კომპანიებს. კრძალავს რეზერვებისა და აქტივების მართვასთან დაკავშირებულ ტრანზაქციებს ბელარუსის ცენტრალურ ბანკთან. ზღუდავს ოპერაციებს, რომლებიც ვაჭრობისა და ინვესტიციებისთვის სახელმწიფო დაფინანსებას უზრუნველყოფს.

2022 წლის 12 აპრილიდან ევროკავშირის სავაჭრო პლატფორმებზე აიკრძალება მომსახურების გაწევა ბელარუსის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ერთეულებთან მიმართებით. მნიშვნელოვნად შეიზღუდება ფინანსური სახსრების ნაკადი ბელარუსიდან ევროკავშირში, აიკრძალება 100 000 ევროზე მეტი ოდენობის დეპოზიტების მიღება ბელარუსის მოქალაქის ან რეზიდენტისგან. ასევე, ევროკავშირის ცენტრალური უსაფრთხოების დეპოზიტარების მიერ ბელარუსი კლიენტებისთვის მნიშვნელოვნად შეიზღუდება წვდომა ანგარიშებზე. ისევე, როგორც ევროში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების გაყიდვა ბელარუს კლიენტებზე. აიკრძალება  ევროში დენომინირებული ბანკნოტების მიწოდება ბელარუსში.

„ამ დამატებითი სექტორული სანქციებით, ჩვენ მტკიცე გზავნილს ვგზავნით: უკრაინის წინააღმდეგ, ლუკაშენკოს დახმარებით, პუტინის რეჟიმის მიერ წარმოებულ არაპროვოცირებულ და უკანონო სამხედრო აგრესიას მაღალი ფასი აქვს“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

საზღვაო-სანავიგაციო ტექნიკის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვებით, აკრძალული იქნება საზღვაო ნავიგაციის საქონლისა და ტექნოლოგიის, პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით გაყიდვა, მიწოდება, გადაცემა ან ექსპორტი რუსეთის ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, ერთეულზე ან ორგანოზე, რუსეთში გამოსაყენებლად ან განთავსებისთვის, ან რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემის ბორტზე.