ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი დაამტკიცა: არსებობს თუ არა სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების შანსი?

16:13, 24.07.2026
საილუსტრაციო ფოტო

საილუსტრაციო ფოტო

რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებებისა და უთანხმოებების შემდეგ, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმებას მიაღწიეს. სანქციები პირველად გავრცელდება რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტზე“. სანქციების სიაში დამატებით 32 რუსული ბანკიც მოხვდება. შეთანხმება რომ არ შემდგარიყო, დღეიდან გაუქმდებოდა რუსული ნავთობისთვის დაწესებული 44-დოლარიანი ზედა ზღვარი. ბულგარეთის მოთხოვნით, სანქციების სიიდან ამოიღეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კირილი და „ლუკოილის“ მფლობელი, ვაგიტ ალეკპეროვი. საბერძნეთის მოთხოვნაც გაითვალისწინეს და „მესამე ქვეყნებისთვის“ რუსული თხევადი ბუნებრივი აირის მიყიდვაზე ერთწლიანი გამონაკლისი დაუშვეს. ეს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სანქციების ყველაზე მასშტაბური პაკეტია – მასში 94 რუსული ფინანსური ინსტიტუტია შეყვანილი, მათ შორის – მოსკოვის საფონდო ბირჟაც. შედეგად, ევროკავშირის სანქციების ქვეშ მოქცეული რუსული ბანკების საერთო რაოდენობა 100-მდე გაიზარდა.

 

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი: „ტრანზაქციების აკრძალვის სიას კიდევ 32 რუსულ ბანკს, ასევე კრიპტოვალუტისა და ნავთობით ვაჭრობის პლატფორმებს ვამატებთ. რუსული ნავთობისთვის დაწესებულ ფასის ზედა ზღვარს ერთი წლით ვინარჩუნებთ, რათა რუსეთის სამხედრო მანქანამ საწვავის ბაზარზე არსებული არასტაბილურობით ვერ ისარგებლოს. ასევე, პირველად ვუწესებთ სანქციებს იმ გემებს, რომლებიც რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტს“ ეხმარებიან“.

გარკვეული წინსვლა დიპლომატიურ ფრონტზეც შეინიშნება – ერთი წლის შემდეგ, პირველად შეხვდნენ ერთმანეთს აშშ-ისა და რუსეთის საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელები, მარკო რუბიო და სერგეი ლავროვი. მათი 35-წუთიანი შეხვედრა ფილიპინების დედაქალაქ მანილაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) სამიტის ფარგლებში გაიმართა.

სერგეი ლავროვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: „კარგად გაქვთ თმა შეჭრილი…“

ამ სიტყვებით აარიდა თავი ლავროვმა ჟურნალისტის კითხვას, დათანხმდება თუ არა რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას. მოსკოვის განცხადებით, შეხვედრის ინიციატორი ამერიკული მხარე იყო. ლავროვმა რუბიოს უთხრა, რომ ვაშინგტონის მიერ კიევისთვის იარაღის მიწოდების გაგრძელება მოსკოვისთვის მიუღებელია. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, კრემლის პრეს-სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ ამ შეხვედრისგან მნიშვნელოვან შედეგს არ ელოდება. თავის მხრივ, მარკო რუბიომ ლავროვთან საუბრის დეტალების გამხელა არ ისურვა.

მარკო რუბიო, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი: „ნუთუ ფიქრობთ, რომ უკრაინაში ომის საკითხს აქ, აზიაში, 30-წუთიანი შეხვედრის დროს გადავწყვეტდით? ეს ასე არ ხდება.“

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენლებთან, სტივ უაიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან, შორის სატელეფონო საუბრის მთავარი თემა ასევე მშვიდობიანი მოლაპარაკებების აღდგენის გზები იყო.

ვლადიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი: “ჩვენ შეხვედრა გვექნება და ვფიქრობ, ისინი თავიანთ იდეებს ჩვენთან და რუსებთან გააზიარებენ. არ ვიცი, ეს შეხვედრა როდის გაიმართება; ალბათ, მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში შეერთებულ შტატებში საუბრის შესაძლებლობა გვექნება”.

უკრაინული მედიის თანახმად, ზელენსკი მომავალ კვირას აშშ-ში რესპუბლიკელი სენატორის, ლინდსი გრემის, დაკრძალვაზე გაემგზავრება და შესაძლოა, დონალდ ტრამპსაც შეხვდეს.

 

სტატიის ავტორი: დიანა სიმეონოვა, ბულგარეთის ეროვნული ტელევიზია (БНТ)

ფოტოს ავტორი: ბულგარეთის ეროვნული ტელევიზია (БНТ)

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 23 ივლისი, 2026 წელი, 15:45 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი