ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა - მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, სასწრაფოდ მივიღოთ უფრო ფართო პოლიტიკური და ეკონომიკური სანქციები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, შემზღუდველი ეკონომიკური ზომები წესდება რუსეთის მხრიდან დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ნაწილის აღიარებისა და რეგიონში ჯარების გაგზავნის საპასუხოდ.
ევროკავშირი გააგრძელებს შემზღუდველი ზომების რეჟიმს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს 351 წევრის წინააღმდეგ, რომლებმაც 15 თებერვალს მხარი დაუჭირეს რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მიმართ მიმართვას თვითგამოცხადებული დონეცკის და ლუგანსკის „რესპუბლიკების“ დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. დამატებით, 27 მაღალი დონის ფიზიკურ პირსა და სუბიექტს მიზნობრივი შემზღუდველი ზომები დაუწესდება, რომლებმაც შეასრულეს როლი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შელახვაში და საფრთხის შექმნაში. მათ შორის არიან გადაწყვეტილების მიმღები პირები, როგორიც არიან მთავრობის წევრები, რომლებიც მონაწილეობდნენ უკანონო გადაწყვეტილებებში; ბანკები და ბიზნესმენები/ოლიგარქები, რომლებიც ფინანსურად ან მატერიალურად უჭერენ მხარს რუსეთის ოპერაციებს დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებზე ან იღებენ მათგან სარგებელს; უფროსი სამხედრო ოფიცრები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს შეჭრისა და დესტაბილიზაციის მოქმედებებში და პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან უკრაინის წინააღმდეგ დეზინფორმაციულ ომზე.
შემაკავებელი ზომები მოიცავს აქტივების გაყინვას და ჩამოთვლილი ფიზიკური პირებისა და სუბიექტებისთვის სახსრების ხელმისაწვდომობის აკრძალვას. გარდა ამისა, ჩამოთვლილ პირებზე მოქმედი მოგზაურობის აკრძალვა ხელს უშლის მათ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლას ან ტრანზიტს. ევროკავშირის ახალი ზომები კრძალავს ვაჭრობას უკრაინის მთავრობის არაკონტროლირებულ ტერიტორიებთან.
ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, დაწესებულიყო სექტორული აკრძალვა რუსეთის ფედერაციის, მისი მთავრობისა და ცენტრალური ბანკის დასაფინანსებლად. გავრცელებული განცხადებით, ევროკავშირის კაპიტალზე, ფინანსურ ბაზრებსა და სერვისებზე რუსეთის სახელმწიფოსა და მთავრობის შესაძლებლობის შეზღუდვით, ევროკავშირი მიზნად ისახავს შეზღუდოს ესკალაციური და აგრესიული პოლიტიკის დაფინანსება. ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, გააუქმოს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიების აღიარება, შეასრულოს ვალდებულებები, დაიცვას საერთაშორისო სამართალი და დაუბრუნდეს ნორმანდიის ფორმატის და სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის დისკუსიებს. ევროკავშირი ასევე მოუწოდებს სხვა სახელმწიფოებს, არ მიჰყვნენ რუსეთის უკანონო გადაწყვეტილებას.
„ევროკავშირი მზად არის, სასწრაფოდ მიიღოს უფრო ფართო პოლიტიკური და ეკონომიკური სანქციები საჭიროების შემთხვევაში და იმეორებს თავის ურყევ მხარდაჭერას და ერთგულებას უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. შესაბამისი სამართლებრივი აქტები, მათ შორის პირების ვინაობა, მალე გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში“, – აღნიშნულია ევროკავშირის განცხადებაში.