ევროკავშირმა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის 1 600-მდე წარმომადგენელს სანქციები დაუწესა
საილუსტრაციო ფოტო
12 ოქტომბერს, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წინააღმდეგ ყველაზე მასშტაბური სანქციების პაკეტი დაამტკიცეს. ის რუსეთის სამხედრო მრეწველობასთან დაკავშირებულ 1 569 პირსა და კომპანიას შეეხება. სიაში 826 კომპანია და მათი 743 აღმასრულებელი დირექტორია შეყვანილი.
სანქციები მიმართულია იმ მიმწოდებლების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს შეიარაღების წარმოებისთვის აუცილებელი კომპონენტებით ამარაგებენ. საუბარია კომპანიებზე, რომელთა ერთობლივი წლიური ბრუნვა, სულ მცირე, 20 მილიარდ ევროს შეადგენს და რომლებშიც 250 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.
სანქცირებული კომპანიები რაკეტების, დრონების და თვითმფრინავების წარმოებაში გამოყენებულ ნაწილებს აწარმოებენ. ამ კომპონენტებს შორისაა ელექტრონული დეტალები, მიკროჩიპები, რადარები და საკომუნიკაციო მოწყობილობები, აგრეთვე საავიაციო, სატელიტური და სარაკეტო სისტემებისთვის განკუთვნილი ტექნოლოგიები. სიაში ასევე შედიან ასაფეთქებელი ნივთიერებების, საბრძოლო მასალის, ოპტიკური და სანავიგაციო სისტემების მწარმოებლები.
ახალი სანქციების დაწესების შემდეგ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამო ევროკავშირის სანქციათა სიებში შეყვანილი ფიზიკური და იურიდიული პირების საერთო რაოდენობა თითქმის 4 600-ს აღწევს.
ევროკავშირმა სანქციები კიდევ 77 პირსაც დაუწესა, ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიებზე სექტემბერში ჩატარებულ რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის გამო.
მათ შორის არის დეპუტატობის 74 კანდიდატი, რომლებიც დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში, ასევე ყირიმსა და სევასტოპოლში გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობდნენ. სანქციები ასევე დაუწესდა რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის სამ წევრს, არჩევნების ორგანიზებისთვის.
ევროკავშირის განცხადებით, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარება არღვევს საერთაშორისო სამართალს და ლახავს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
ყველა სანქცირებულ პირს ეკრძალება ევროკავშირში მგზავრობა, ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებული მათი აქტივები გაყინულია, ხოლო ევროპელ მოქალაქეებსა და კომპანიებს ეკრძალებათ მათთვის ფინანსური ან ეკონომიკური რესურსების მიწოდება.
უფრო ადრე, სექტემბერში ევროკავშირმა სანქციები დაუწესა 10 პირს, რუსეთში დემოკრატიული ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიების მხარდაჭერისა და დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შერყევისკენ მიმართული ქმედებების გამო.