ევროკავშირმა მთიანი ყარაბაღის მცხოვრებლების დასახმარებლად მილიონი ევრო გამოყო
ევროკავშირი მზადაა, სომხეთსა და აზერბაიჯანს ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს. როგორც ბრიუსელში აცხადებენ, მთიანი ყარაბაღის მცხოვრებლების დასახმარებლად უკვე გამოყოფილია მილიონი ევროს ღირებულების დახმარება. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.
ამავე დროს, ევროკავშირი ორივე მხარეს მოუწოდებს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაიცვან.
„ასეთ შემთხვევაში, ეს შეთანხმება შეიძლება გახდეს პირველი ნაბიჯი კონფლიქტის ყოვლისმომცველი და მდგრადი დარეგულირების გზაზე“, – წერს ბორელი.
მან ასევე ხაზი გაუსვა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის აუცილებლობას.
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები 10 ნოემბერს შეწყდა. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვით მთიანი ყარაბაღის სიახლოვეს მდებარე შვიდი რაიონი აზერბაიჯანს გადაეცემა, ხოლო ყარაბაღისა და სომხეთის დამაკავშირებელ დერეფანს რუსი სამხედროები გააკონტროლებენ.