ევროკავშირმა მოლდოვის ფინანსური დახმარების პროგრამის განახლების გადაწყვეტილება მიიღო
ევროკავშირმა მოლდოვის ფინანსური დახმარების პროგრამის განახლების გადაწყვეტილება მიიღო

ევროკავშირმა მოლდოვის ფინანსური დახმარების პროგრამის განახლების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ბრიუსელში გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრ ნიკოლაი პოპესკუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ჰანმა აღნიშნა, უახლოეს დღეებში ევროკომისია კიშინიოვს ფინანსური დახმარების სახით 14,5 მილიონ ევროს გამოუყოფს. აღნიშნული თანხა უნდა მოხმარდეს პროფესიული განათლების პროგრამის მხარდაჭერას, ასევე მოლდოვასა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო ზონის ფუნქციონირებას.

ევროკომისრის თქმით, ფინანსური დახმარების მეორე ტრანში მოლდოვამ შესაძლოა, მიმდინარე წლის შემოდგომაზე მიიღოს. ამას გარდა, ევროკავშირმა მაკროეკონომიკური ფინანსური დახმარების ფარგლებში შემოდგომაზე კიშინიოვს შესაძლოა, კრედიტის პირველი ნაწილიც გამოუყოს. თუმცა, როგორც ჰანმა აღნიშნა, მანამდე ევროკომისია მსოფლიო სავალუტო ფონდის ფინალურ ანგარიშს უნდა გაეცნოს.

მოლდოვისთვის 100 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება ევროკავშირმა 2017 წელს დაამტკიცა, თუმცა ერთ წელიწადში ბრიუსელმა პროგრამა შეაჩერა მოლდოვაში კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის პრინციპების დარღვევის გამო. ფინანსური დახმარების პროგრამის განახლების პირობებს შორის ბრიუსელი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, ასევე საერთაშორისო ნორმების შესაბამისად საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ასახელებდა.

როგორც ბრიუსელში ვიზიტისას მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკოლაი პოპესკუმ განაცხადა, მოლდოვის ახალი მთავრობა ქვეყნის ევროკავშირთან უფრო მეტად დაახლოებისკენ მიისწრაფვის.

„ჩვენი ერთადერთი საგარეო-პოლიტიკური ორიენტაცია ევროპული ინტეგრაციაა“, – აღნიშნა დიპლომატმა და განაცხადა, რომ ამისთვის მოლდოვის ხელისუფლება მზად არის, ებრძოლოს კორუფციას.