ევროკავშირისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ლიდერების ვიდეოკონფერენციაზე სამი მთავარი საკითხი განიხილება. პირველი არის „კოვიდ-19“-ის პანდემია და ის დახმარება, რომელსაც ევროკავშირი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს სთავაზობს, როგორც საზოგადოებრივ ჯანდაცვაში, ასევე სოციალ-ეკონომიკურ სფეროში. მეორე საკითხი არის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის სტრატეგიული მნიშვნელობის ხაზგასმა და მესამე – პროგრამის სამომავლო პერსპექტივები, რომელსაც ლიდერები ვიდეოკონფერენციის ფორმატში ხვალ განიხილავენ. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთეს.
მათივე ინფორმაციით, ლიდერები განიხილავენ პანდემიის დროს დეზინფორმაციის გავრცელების საკითხს, რაც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რეგიონსაც შეეხო.
„ჩვენ გვსურს, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის მონაწილე ქვეყნებთან მხარდამხარ, ამ პროგრამის ჩარჩოში ვიმუშაოთ, რათა ერთად ვებრძოლოთ დეზინფორმაციას და მოქალაქეებს უფრო ხელი მიუწვდებოდეთ ფაქტებით გამყარებულ ინფორმაციაზე“, – განაცხადეს ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა.
ევროკავშირის წარმომადგენლებმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების წინაშე არსებულ გამოწვევებს შორის დაასახელეს მართლმსაჯულების სისტემის საკითხები, ანტიკორუფციული ნაბიჯები და გენდერული თანასწორობა. მათივე თქმით, ლიდერები ასევე ისაუბრებენ ე.წ. გაყინულ კონფლიქტებზე.
„ამ კუთხით მეტი ძალისხმევაა საჭირო“, – აცხადებენ ევროკავშირში.
როგორც პრესკონფერენციაზე განაცხადეს, ხვალინდელ ვიდეოკონფერენციაზე ლიდერები განიხილავენ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის სამომავლო პრიორიტეტებს, რომლებიც ევროკავშირისა და აღნიშნული პროგრამის მონაწილე ქვეყნების სამომავლო ურთიერთობებს და თანამშორმლობას განსაზღვრავს.
ხვალ ევროკავშირისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების ლიდერების შეხვედრა ვიდეოკონფერენციის რეჟიმში გაიმართება. აღნიშნულ ფორმატში შეხვედრის ჩატარება კორონავირუსის პანდემიის გამო გადაწყდა.
ამასთან, ზემოთ აღნიშნულ პრესკონფერენციაზე დაისვა შეკითხვებიც ქართული მედიის მხრიდან. საქართველოს პირველი არხის შეკითხვაზე, რომელიც საზღვრების გახსნას ეხებოდა, პრესკონფერენციაზე აღინიშნა: „ჩვენ გვინდა, რომ ევროკავშირის საზღვრები გაიხსნას ობიექტური კრიტერიმების საფუძველზე. მაგრამ, ეს კვლავ განხილვის საგანია ევროკავშირის წევრებთან. კომისია გამოვიდა საზღვრების გახსნის რეკომენდაციით, მაგრამ ახლა ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია, თუ რომელი ქვეყნების მოქალაქეები შეძლებენ ევროკავშირის ტერიტორიაზე ჩასვლას. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ გვინდა, რომ ეს პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და საზღვრების გახსნის დროს ევროკავშირის წევრებმა იხელმძღვანელონ ფაქტებით, რომლებიც დაკავშირებულია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სიტუაციასთან“.
ასევე, პრესკონფერენციაზე უპასუხეს საქართველოს პირველი არხის კიდევ ერთ კითხვას კონფლიქტებთან დაკავშირებით: „ე.წ. გაყინული კონფლიქტების თემა ხვალინდელ შეხვედრაზე აუცილებლად იქნება განხილული. ეს არის ის, რაც ევროკავშირს აღელვებს. მე ვესაუბრე სამხრეთ კავკასიის საკითხებში ჩვენს სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს. ის კვლავ ეკონტაქტება მხარეებს, მაგრამ „კოვიდ-19“-ის პირობებში მუშაობა ნამდვილად ძალიან რთულია, როდესაც ფიზიკურად შეხვდრის შესაძლებლობა არ არსებობს. კლაარი იმედოვნებს, რომ კონფლიქტის შეკავება მაინც მოხდება. გასული სამი თვის განმავლობაში, ჩვენ ერთობლივად, რამდენიმე სფეროში სიტუაციის შეკავება მოვახერხეთ, მაგრამ სერიოზული პრობლემები რჩება. თუ არ გვექნება წვდომა ამ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით ჰუმანიტარული წვდომა, რათა კორონავირუსის მედიკამენტები მივაწოდოთ იქ მცხოვრებ ადამიანებს, მაშინ სერიოზული პრობლემები შეიქმნება. ჩვენ ამ თემაზე საუბარს თავს არ ვარიდებთ და ძალიან მკაცრი პოზიცია გვაქვს. ვიმედოვნებ რომ ჩვენ დავუბრუნდებით ფიზიკურ შეხვედრებს სხვადასხვა ფორმატებში, მათ შორის ჟენევაში და სხვაგანაც, რათა ეს საკითხი წი წავწიოთ. ახალი იდეები ამ ეტაპზე არ არის, მაგრამ აუცილებლად იქნება“, – განაცხადეს პრესკონფერენციაზე.
ამასთან, ქართული მედიის მიერ დასმულ კიდევ ერთ შეკითხვას ე.წ. პოლიტპატიმრებზე, პრესკონფერენციაზე აღინიშნა: „საქართველოს საკითხი ევროკავშირში აქტიურად განიხილება. როგორც ვიცით, 8 მარტის შეთანხმება, რომელიც საარჩევნო რეფორმას ეხებოდა, მნიშვნელოვანი გარღვევა გახლდათ. ვიცით, რომ ეს ძალიან ფაქიზი თემაა, მაგრამ ჩვენ ყოველთვის შევახსენებთ საქართველოში პოლიტიკურ ლიდერებს, რომ ის კონსენსუსი, რომელსაც მათ მიაღწიეს და ამ შეთანხმების ამოქმედება ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები დროულად იყოს მიღებული. ეს მოითხოვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოში მყოფი უცხოელი დიპლომატებისა და ასევე ოპოზიციისა და მთავრობის მხრიდან. რაც შეეხება პატიმრების საკითხს, ჩვენ უკვე გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება ამასთან დაკავშირებით და მოვუწოდეთ ხელისუფლებას, იმუშაონ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისთან, რათა შესრულდეს საარჩევნოდ გაცემული რეკომენდაციები და ასევე, არსებობდეს საკმარისი დემოკრატიული სივრცე სამუშაოდ. ეს საკითხი ევროკავშირის დღის წესრიგშია“, – განაცხადეს პრესკონფერენციაზე.