ევროკავშირის წარმომადგენლობისა და აშშ-ის საელჩოს ერთობლივი განცხადება - ვწუხვართ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს არ გამოიყენა შესაძლებლობა, 19 აპრილის შეთანხმებისთვის ხელი მოეწერა
ევროკავშირის წარმომადგენლობისა და აშშ-ის საელჩოს ერთობლივი განცხადება - ვწუხვართ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს არ გამოიყენა შესაძლებლობა, 19 აპრილის შეთანხმებისთვის ხელი მოეწერა

„ნაციონალური მოძრაობიდან“ არჩეული პარლამენტის წევრების პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილების შემდეგ, 150 დეპუტატიდან თითქმის ყველა შეასრულებს მოქალაქეების მიერ არჩევნებში მათთვის მინიჭებულ მანდატებს, რაც საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენ კიდევ ერთი პოზიტიური ნაბიჯია, – ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის მედიაციით 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების შესრულების შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და აშშ-ის საელჩოს ერთობლივ განცხადებაში.

აქვე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მოუწოდებენ, თავიანთი მანდატები კონსტრუქციულად გამოიყენონ.

გარდა ამისა, განცხადებაში გამოთქმულია წუხილი, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს არ გამოიყენა შესაძლებლობა, შეერთებოდა სხვა საპარლამენტო პარტიებს და 19 აპრილის შეთანხმებისთვის ხელი მოეწერა.

„დღეს, საქართველოში ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, გამოაცხადა, რომ მისი პარტიიდან არჩეული პარლამენტის წევრები პარლამენტში შევლენ. ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, 150 დეპუტატიდან თითქმის ყველა შეასრულებს საქართველოს მოქალაქეების მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მათთვის მინიჭებულ მანდატებს. ეს კიდევ ერთი პოზიტიური ნაბიჯია საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მოვუწოდებთ, თავიანთი მანდატები კონსტრუქციულად გამოიყენონ.

თუმცა, ძალიან ვწუხვართ, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს არ გამოიყენა შესაძლებლობა, რომ შეერთებოდა სხვა საპარლამენტო პარტიებს და 19 აპრილის შეთანხმებისთვის ხელი მოეწერა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სხვა არჩეულ პარტიებთან ერთად თანაბრად პასუხისმგებელია, რომ კონსტრუქციულად ჩაერთოს პარლამენტის მუშაობაში პოლიტიზებულად აღქმული მართლმსაჯულების საკითხების მოსაგვარებლად, ამბიციური საარჩევნო და სასამართლო რეფორმის განხორციელებისთვის ხმის მისაცემად და ზედმიწევნით განსახილველად, პარლამენტში ძალაუფლების განაწილებაში მონაწილეობის მისაღებად, ბევრ სხვა პრიორიტეტს შორის. ეს მნიშვნელოვანი სამუშაოა, რომელსაც საქართველოს ყველა არჩეული ლიდერის პასუხისმგებლიანი მონაწილეობა სჭირდება. ამ შეთანხმების ხელმოწერით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აჩვენებდა მზაობას შეასრულოს ეს ფუნდამენტური ამოცანები საქართველოს, მისი მოქალაქეების, ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე.

19 აპრილის შეთანხმება ხელმოსაწერად ღია რჩება როგორც საპარლამენტო პარტიის ლიდერებისთვის, ასევე პარლამენტის ცალკეული წევრებისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის.

ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

ამასთან, საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვის გადაწყვეტილების მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განმარტებით, შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელს არ აწერენ.