ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური - ევროკავშირი მზად არის, დემოკრატიის გაძლიერების ძალისხმევაში საქართველოს გვერდით იყოს
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური - ევროკავშირი მზად არის, დემოკრატიის გაძლიერების ძალისხმევაში საქართველოს გვერდით იყოს

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში დღეს გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, მოლაპარაკებების დროს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა საქართველოს მდგრადობის გაძლიერებისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა, უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ინტერვენციის კონტექსტში. მან ასევე კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში.

ჯოზეფ ბორელმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის გადაწყვეტილებას, გააგრძელოს საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავება ამ ქვეყნის ევროკავშირთან კიდევ უფრო დასაახლოებლად.

„ამ კონტექსტში, მან ხაზი გაუსვა პარტიათაშორისი თანამშრომლობისა და შიდა პოლიტიკურ ძალებს შორის ერთიანობის მნიშვნელობას, რაც არის საკვანძო საქართველოში დემოკრატიის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანი რეფორმების პრიორიტეტებში კონკრეტული და სწრაფი პროგრესის მისაღწევად. ევროკავშირი მზად არის, საქართველოს გვერდით იყოს ამ ძალისხმევებში; კერძოდ, შიდა პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევაში; სასამართლო რეფორმის ინკლუზიური და სანდო დღის წესრიგის გზაზე დადგომაში და ამ მხრივ, შეთანხმებული საკონსტიტუციო რეფორმების განხორციელებაში. ეს არის კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი ევროკავშირის წევრობის შესახებ საქართველოს განაცხადის გათვალისწინებით. საქართველო ევროპულ ოჯახს მიეკუთვნება“, – ნათქვამია განცხადებაში.