ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური - ევროკავშირი იმედოვნებს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება გაითვალისწინებს და განახორციელებს ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს არჩევნებთან დაკავშირებით
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური - ევროკავშირი იმედოვნებს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება გაითვალისწინებს და განახორციელებს ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს არჩევნებთან დაკავშირებით

ევროკავშირი ისევ იმედოვნებს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება გაითვალისწინებს და განახორციელებს ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს არჩევნებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

„აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 7 თებერვალს გაიმართა. ეს იყო პირველი არჩევნები აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე. პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მეხუთე ვადით აირჩიეს.

ევროკავშირი აკვირდება ეუთო/ოდირის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წინასწარ მიგნებებსა და დასკვნებს. ეუთო/ოდირის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის თანახმად, არჩევნები ჩატარდა შეზღუდულ პოლიტიკურ გარემოში და კანონების შესაბამისად, რომლებიც ზღუდავს ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის შეკრების, გამოხატვისა და მედიის თავისუფლებას.

მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებისთვის მზადება ეფექტურად წარიმართა, საარჩევნო პროცესი ხასიათდებოდა კრიტიკული ხმების ჩახშობითა და პოლიტიკური ალტერნატივების არარსებობით.

არჩევნების დღე მშვიდად და ზოგადად მოწესრიგებულად წარიმართა, მაგრამ დამკვირვებლებმა ხაზი გაუსვეს სავალდებულო პროცედურების ფართო უგულებელყოფას, გამჭვირვალობის ნაკლებობასა და მრავალ სერიოზულ დარღვევას.

ევროკავშირი ისევ იმედოვნებს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება გაითვალისწინებს და განახორციელებს ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს ამ და წინა არჩევნებთან დაკავშირებით. ევროკავშირი განაგრძობს დიალოგსა და თანამშრომლობას აზერბაიჯანთან, მათ შორის კარგი მმართველობის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის სფეროებში, აზერბაიჯანელი ხალხის საკეთილდღეოდ“, – ნათქვამია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადებაში.

აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები 7 თებერვალს გაიმართა. აზერბაიჯანის ცესკო-ს მონაცემებით, ბიულეტენების 93 პროცენტის დათვლის შემდეგ ილჰამ ალიევი ხმების 92 პროცენტით ლიდერობს.