ევროკავშირის საელჩო კიევში მუშაობას განაახლებს
ევროკავშირის საელჩო კიევში მუშაობას განაახლებს

ევროკავშირის საელჩო კიევში მუშაობას განაახლებს. ამის შესახებ ინფორმაცია მედიას უკრაინაში ევროკავშირის ელჩმა, მატი მაასიკასმა დაუდასტურა.

კიევში დაბრუნებასთან დაკავშირებით ელჩმა სოციალურ ქსელშიც დაწერა.

„მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი კიევში“, – წერს დიპლომატი „ტვიტერში“.

ასევე, მაასიკასმა გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც კიევის საელჩოში აღმართული ევროკავშირის დროშა ჩანს და ასეთი მინაწერი აქვს: „ის, რაც პირველ რიგში უნდა გაკეთდეს“.

კიევში მაასიკასი ჯოზეფ ბორელთან და ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად ჩავიდა, რომლებმაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართეს შეხვედრა. ამასთან, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ უკრაინაში ევროკავშირის საელჩო, რომელიც საომარი მოქმედებების გამო პოლონეთში იყო გადასული, ისევ კიევიდან გააგრძელებს საქმიანობას.