ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა მიგრაციული და თავშესაფრის პოლიტიკის რეფორმაზე შეთანხმებას მიაღწიეს
ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა მიგრაციული და თავშესაფრის პოლიტიკის რეფორმაზე შეთანხმებას მიაღწიეს

ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა მიგრაციული და თავშესაფრის პოლიტიკის რეფორმაზე შეთანხმებას მიაღწიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ავრცელებს.

„მივესალმები მიგრაციისა და თავშესაფრის მინიჭების პაქტზე ისტორიულ შეთანხმებას. ვულოცავ ევროპარლამენტსა და საბჭოს შეთანხმების მიღწევას ამ გარდამტეხ ინიციატივასთან დაკავშირებით“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

პაქტი ითვალისწინებს საზღვარზე კონტროლის გამკაცრებას, თავშესაფრის მინიჭების შესახებ განცხადების განხილვის დაჩქარებას და ევროკავშირში არალეგალური გზით ჩასული მიგრანტების დეპორტაციის დაჩქარებას. რეფორმა ასევე ითვალისწინებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მიგრანტების განაწილებას ე.წ. სოლიდარობის მექანიზმით.

წინასწარმა შეთანხმებამ ახლა კანონპროექტის სახე უნდა მიიღოს, შემდეგ კი, საჭიროა მისი ევროპარლამენტისა და საბჭოს მიერ საბოლოოდ დამტკიცება.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ მიგრაციულ პაქტზე შეთანხმების მიღწევას ნამდვილად ისტორიული დღე უწოდა.

„ეს არ იყო მარტივი. ჩვენ გამოწვევებს წინ აღვუდექით და დავატკიცეთ, რომ ევროპას შეუძლია საკითხების მოგვარება, რომლებიც მნიშვნელოვანია მოქალაქეებისთვის“, – აღნიშნა მეცოლამ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ახალი პაქტი არ არის იდეალური და ზოგიერთი რთული საკითხი გადაუწყვეტელი დარჩა.