ევროკავშირის რომელ ქვეყნებში შეუძლიათ ჩასვლა აცრილ მოგზაურებს
ევროკავშირის რომელ ქვეყნებში შეუძლიათ ჩასვლა აცრილ მოგზაურებს

მსოფლიოში აცრილი მოქალაქეების რაოდენობის ზრდის ფონზე, ევროკავშირის ქვეყნები ცდილობენ, დაჩქარებული წესით გახსნან საზღვრები და საერთაშორისო ტურისტები სხვებზე სწრაფად მიიღონ.

ევროკავშირის ახალი „ციფრული კოვიდსერტიფიკატი“ სავარაუდოდ პირველი ივლისიდან შევა ძალაში, რამაც ევროპაში მოგზაურობის აღდგენის პროცესს უნდა შეუწყოს ხელი. ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა სულ ცოტა ხნის წინ მიიღეს რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც სრულად აცრილ ტურისტებს ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში ჩასვლა თავისუფლად უნდა შეეძლოთ. თუმცა, მიუხედავად ამისა, ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანა მაინც განსხვავებული სტრატეგიის მოქმედებს. „დოიჩე ველე“ აქვეყნებს სტატიას იმის შესახებ, ევროკავშირის რომელ ქვეყნებში შეუძლიათ ჩასვლა აცრილ მოგზაურებს.

საფრანგეთი

საფრანგეთი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებაა. ქვეყნის მთავრობამ 9 ივნისიდან გახსნა საზღვრები აცრილი მოგზაურებისთვის. საფრანგეთის მთავრობის მიერ შემუშავებული ახალი წესების მიხედვით, ქვეყნების რამდენიმე კატეგორიადაა დაყოფილი. ე.წ. მწვანე ნუსხაში შეყვანილია ევროკავშირის ქვეყნები და ასევე სამხრეთ კორეა, იაპონია და ისრაელი. ამ სახელმწიფოებიდან საფრანგეთში ჩასულ ტურისტებს კოვიდტესტის პასუხის წარდგენის ვალდებულება არ ექნებათ, ხოლო მათ ვინც არ არის აცრილი, ტესტის უარყოფითი პასუხი დასჭირდებათ.

ე.წ. ნარინჯისფერ ნუსხაში მოხვდა ისეთი ქვეყნები, როგორიცაა აშშ, ასევე აფრიკისა და აზიის ქვეყნების უმეტესობა. მათ შორის არის საქართველოც. ამ ქვეყნების მოქალაქეებს აღარ დასჭირდებათ განსაკუთრებული მიზეზის დასახელება საფრანგეთში ჩასასვლელად, როგორც ეს აქამდე იყო საჭირო.

ამასთან, როგორც საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზეა აღნიშნული, ამ ქვეყნებიდან საფრანგეთში ჩასულ ტურისტებს მოუწევთ კოვიდტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა და შვიდი დღით თვითიზოლაციაში გადასვლა.

საინტერესოა, რომ საფრანგეთი ამ ეტაპზე ვაქცინირებულად თვლის მხოლოდ იმ ტურისტებს, რომელთაც ევროპის მედიკამენტების სააგენტოს მიერ ავტორიზებული ვაქცინა აქვთ გაკეთებული. ასეთია „ფაიზერის“, „მოდერნას“, „ასტაზენეკასა“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინები.

ამავე ნუსხაში შემავალი ქვეყნებიდან საფრანგეთში ჩასულ მოგზაურებს, ვისაც ვაქცინა არ აქვს გაკეთებული, მაინც შეეძლებათ საფრანგეთში ჩასვლა, თუმცა მათ უნდა ჰქონდეთ განსაკუთრებული მიზეზი. მაგალითად, ახლობლის დაკრძალვა ან გადაუდებელი ოპერაცია. ანალოგიური წესები მოქმედებს ე.წ. წითელ ნუსხაში შემავალი ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომელთა შორის არის სამხრეთ აფრიკა, ბანგლადეში, თურქეთი, ჩილე და კოლუმბია. ე.წ. წითელ ნუსხაში შემავალ ქვეყნებიდან ჩასულ ტურისტებს მოუწევთ თვითიზოლაცია იმ შემთხვევაშიც კი, თუ აცრა გაკეთებული აქვთ.

ესპანეთი

ესპანეთმა საერთაშორისო მოგზაურებისთვის 7 ივნისიდან გახსნა კარი. ტურისტებს ესპანეთში სამოგზაუროდ მოუწევთ, წარადგინონ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. ესპანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში დაბრკოლების გარეშე შევა ყველა მოგზაური, ვინც აცრილია, როგორც ევროპის მედიკამენტების სააგენტოს, ისე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინით. ამ ნუსხაში შედის „ფაიზერი“, „მოდერნა“, „ჯონსონს ენდ ჯონსონი“, „ასტრაზენეკა“, „სინოფარმი“ და „სინოვაკი“.

აღსანიშნავია, რომ ესპანეთმა გამონაკლისი დაუშვა დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებისთვის და მათ ვაქცინაციის სტატუსის მიუხედავად შეეძლებათ ესპანეთში ჩასვლა, თუმცა ევროკავშირის მოქალაქეების უმეტესობა მოუწევს იმუნიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტისა ან კოვიდტესტის წარდგენა.

ესპანეთში დამატებითი შეზღუდვები მოქმედებს ინდოეთიდან ჩასული მოგზაურებისთვის.

საბერძნეთი

საბერძნეთში ჩასვლა 50-ზე მეტი ქვეყნიდანაა შესაძლებელი. მათ შორისაა აშშ, კანადა, რუსეთი და ჩინეთი.

მოგზაურებს ავალდებულებენ, წარადგინონ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხი ან ცნობა, რომ ტურსიტს „კოვიდ-19“ გადატანილი აქვთ.

მიუხედავად ამისა, მოგზაურების ნაწილს მოუწევთ სავალდებულო კარანტინის გავლა.

საბერძნეთის მიერ აღიარებული ვაქცინების ჩამონათვალი ასეთია: „ფაიზერი“, „მოდერნა“, „ასტრაზენეკა“, „ნოვავაქსი“, „ჯონსონ ენდ ჯონსონი“, „სინოვაკი“, „სპუტინიკი“, „სინოფარმი“, „კაზინო ბიოლოგიკსი“.

საბერძნეთის ხელისუფლების მოთხოვნაა, რომ მოგზაურებს ამ ვაქცინებიდან ერთ-ერთი საბერძნეთში ჩასვლამდე 14 დღით ადრე ჰქონდეთ გაკეთებული.

კვიპროსი

კვიპროსი ტურისტებისთვის 25 მაისს გაიხსნა. ქვეყანაში ჩასვლა შეუძლიათ ევროკავშირის, კანადის, ეგვიპტის, სერბეთის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მოქალაქეებსაც. კვიპროსს ქვეყნები ასევე დაყოფილი აქვს „ნარინჯისფერ“ და „წითელ“ ზონებად. ამ ნუსხაში შემავალი სახელმწიფოებიდან კვიპროსში ჩასულ მოქალაქეებს მოუწევთ ტესტის გაკეთება.

თუმცა, სრულად ვაქცინირებული ტურისტების გამონაკლისს წარმოადგენენ. ამ შემთხვევაში, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ზონაში შემავალი ქვეყნიდანაა მოგზაური. კვიპროსი აღიარებს, როგორც ევროკავშირის მიერ ავტორიზებულ ყველა ვაქცინას, ისე „სპუტნიკსა“ და „სინოფარმს“.

სრულად ვაქცინირებულად კვიპროსში ითვლება ის მოგზაური, ვისაც ვაქცინის ორივე დოზა აქვს გაკეთებული. გამონაკლისი არიან „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინით აცრილი ტურისტები, რომელთაც კვიპროსში ჩასვლა იმუნიზაციიდან ორი კვირაში შეუძლიათ.

ხორვატია

ხორვატია ჩასვლა შეუძლია ევროპის დაავადებთა კონტროლის ცენტრის მიერ ნარინჯისფერ, წითელ და მუქ წითელ ზონაში შემავალი ქვეყნებიდან ჩასული ტურისტებს. ამისთვის მათ ვაქცინაციის სერტიფიკატის წარდგენა მოუწევთ. ხორვატიის ხელისუფლება აღიარებს ევროკავშირის მიერ ავტორიზებულ ვაქცინებს და „სპუტნიკს“. თუმცა, თითოეული ვაქცინის შემთხვევაში განსხვავებული პირობების მოქმედებს.

ხორვატიაში ჩასვლა ასევე შეუძლიათ იმ მოგზაურებს, რომელთაც „კოვიდ-19“ გადატანილი აქვთ ან წარადგენენ კოვიდტესტის უარყოფით პასუხს.

დაახლოებით ანალოგიური პირობებით შეუძლიათ ხორვატიაში ჩასვლა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებსაც თუ მათ წინასწარ აქვთ გადახდილი სასტუმროს საფასური.

ამასთან, სამხრეთ აფრიკიდან, ბრაზილიიდან და ინდოეთიდან ხორვატიაში ჩასულ მოქალქეებს კარანტინში გადასვლა მოუწევთ, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა აცრილი.

პორტუგალია და კუნძული მადეირა

პორტუგალიის კუნძულ მადეირაზე ჩასულ ტურისტებს არ მოუწევთ კარანტინის გავლა და კოვიდტესტის გაკეთება. ოფიციალურ ვებგვერდზე, რომელიც მადეირაზე მოგზაურობას ეხება, ნათქვამია, რომ კუნძულზე ჩასასვლელად ვაქცინაციის დამადასტურებელი ნებისმიერი ოფიციალური დოკუმენტი მისაღებია. ერთადერთი პირობაა, რომ დოკუმენტი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე და უნდა იყოს გაცემული იმ ქვეყნის ხელისუფლების მიერ, საიდანაც ტურისტი ჩადის. საბუთი უნდა შეიცავდეს მოგზაურის პირად მონაცემებს და მონაცემებს მის მიერ გაკეთებული ვაქცინის შესახებ.

იმ მოგზაურებს, ვისაც „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა არ აქვს გაკეთებული „პისიარ“ ტესტს უფასოდ ჩაუტარებენ.

სხვაგვარი პირობების მოქმედებს თავად პორტუგალიაში, სადაც ვიზიტორს მოუწევს კოვიდტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა. მიუხედავად იმისა არის თუ არა ის აცრილი.

გერმანია

გერმანიაში მოგზაურობა ამ ეტაპზე კვლავ შეზღუდულია და ქვეყნის ტერიტორიაზე ჩასვლა მხოლოდ განსაკუთრებული მიზეზით არის შესაძლებელი. თუმცა, გერმანია კონკრეტულ შემთხვევებსა და ზონებში ჩასასვლელად კოვიდსერტიფიკატების მიღების პროცესი უკვე იწყებს. როგორც წესი, თვითმფრინავით ჩასულ მგზავრებს, გაფრენამდე კოვიდტესტის გაკეთება უწევთ, თუმცა ზოგიერთ აეროპორტში ტესტის ნაცვლად ვაქცინაციის დამადასტურებელ დოკუმენტის წარდგენაც საკმარისია. ამასთან, თუ მოქალაქეები გერმანიაში იმ ქვეყნებიდან ჩადიან, რომელსაც ბერლინი „საფრთხის შემცველად“ მიიჩნევს, აუცილებელია კარანტინში გადასვლა.

თუმცა, ამ წესის გვერდის ავლა შესაძლებელია, თუ მოგზაური ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გერმანიის მთავრობის ვებპორტალზე ატვირთავს. რობერტ კოხის ინსტიტუტის თანახმად, ევროკავშირის მიერ ავტორიზებული ყველა ვაქცინა მისაღებია.

გამონაკლისს წარმოადგენენ დიდი ბრიტანეთიდან, ბოტსვანად, ნეპალიდამ და მოზამბიკიდან გერმანიაში ჩასული ვიზიტორები, რომლებსაც კარანტინის წესის დაცვა ყველა შემთხვევაში მოუწევთ, რადგან ამ ქვეყნებში ვირუსის ახალი ვარიანტები ფართოდ ვრცელდება.