ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაინელი ლტოლვილებისთვის დროებითი დაცვის სტატუსი 2028 წლის 4 მარტამდე გაახანგრძლივეს
ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაინელი ლტოლვილებისთვის დროებითი დაცვის სტატუსი კიდევ ერთი წლით, 2028 წლის 4 მარტამდე გაახანგრძლივეს. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მომავალში დროებითი დაცვა უკრაინის მხოლოდ იმ მოქალაქეებს მიენიჭებათ, რომლებმაც სამშობლოს წინაშე სამხედრო ვალდებულება შეასრულეს და ქვეყანა კანონიერი გზით დატოვეს.
შესაბამისად, დროებითი დაცვის მისაღებად ახალმა განმცხადებლებმა უნდა დაადასტურონ, რომ სამხედრო ვალდებულება შეასრულეს. მაგალითად, წარადგინონ უკრაინის ხელისუფლების მიერ დამოწმებული პასპორტი, რომელიც ადასტურებს ქვეყნიდან კანონიერი გზით გასვლას ან დოკუმენტი, რომელიც სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლებას ან სამხედრო ვალდებულების შესრულებას ადასტურებს.
თუმცა ეს შეზღუდვა მხოლოდ ახალ განმცხადებლებს შეეხებათ და არ გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც უკვე სარგებლობენ ევროკავშირის ქვეყნებში დროებითი დაცვის სტატუსით.
ცნობისთვის, უკრაინელებისთვის დროებითი დაცვის სისტემა ევროკავშირმა 2022 წლის თებერვალში, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ აამოქმედა. ევროკავშირის საბჭოს ინფორმაციით, მას შემდეგ ამ მექანიზმით უკვე ოთხ მილიონზე მეტმა უკრაინელმა ლტოლვილმა ისარგებლა. ბოლო თვეების განმავლობაში ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში განიხილებოდა სამხედრო გაწვევის ასაკის უკრაინელი ლტოლვილებისთვის წესების გამკაცრების საკითხი. შესაბამისი თხოვნით ევროკავშირის ხელისუფლებას კიევმაც მიმართა.
დროებითი დაცვა ევროკავშირის სამართლებრივი მექანიზმია, რომელიც უზრუნველყოფს დაუყოვნებლივ და კოლექტიურ დაცვას იმ დიდი ჯგუფის იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, რომლებიც ევროკავშირში ჩავიდნენ და სამშობლოში დაბრუნება არ შეუძლიათ. დროებითი დაცვის სტატუსით მოსარგებლე პირებს ევროკავშირის ყველა ქვეყანაში ერთნაირი ძირითადი უფლებები აქვთ, მათ შორის ცხოვრების უფლება, შრომის ბაზარზე წვდომა, საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესაძლებლობა, სამედიცინო დახმარება, სოციალური უზრუნველყოფა და ბავშვებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობა.
ევროკავშირის კანონმდებლობა დაცვის მინიმალურ სტანდარტებს ადგენს, თუმცა დახმარების კონკრეტული მოცულობა წევრი სახელმწიფოების ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით, შეიძლება, განსხვავდებოდეს.
დროებითი დაცვის შესახებ ევროკავშირის დირექტივა 2001 წელს ბალკანეთში შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად მოსახლეობის მასობრივი გადაადგილების ფონზე მიიღეს. პრაქტიკაში კი ეს მექანიზმი პირველად რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის შემდეგ ამოქმედდა.