ევროკავშირის პროკურატურა ბულგარეთში ევროპული პროექტების კონსულტანტს თაღლითობაში ადანაშაულებს
დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, ბრალდებულს 1-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ლუქსემბურგში განთავსებულმა ევროკავშირის პროკურატურამ სოფიის საქალაქო სასამართლოში წარადგინა საბრალდებო დასკვნა, რომლის მიხედვითაც სტომატოლოგიური მომსახურების ევროპული პროექტის კონსულტანტი თაღლითობაშია ეჭვმიტანილი.
ბურგასის ოლქის ერთ-ერთ პატარა ქალაქში სტომატოლოგიური კაბინეტის გახსნის მიზნით, ერთ-ერთმა ადგილობრივმა ექიმმა ევროპროექტების კონსულტანტს მიმართა. იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის პროექტის მიზანი ადგილობრივი მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება იყო, ექიმმა, ევროკავშირის დაფინანსების მისაღებად, კონსულტანტს სთხოვა განაცხადის მომზადება, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, სამედიცინო აღჭურვილობის შესყიდვასაც ითვალისწინებდა. მან კონსულტანტს ასევე მიაწოდა სამედიცინო აღჭურვილობის მომწოდებლის საკონტაქტო ინფორმაცია, რომელმაც მოგვიანებით კონკურენტულ ტენდერში მიიღო მონაწილეობა.
განაცხადის თანახმად, უნდა მომხდარიყო სამი საფასო შეთავაზების წარდგენა. გამოძიების მასალებით დგინდება, რომ კონსულტანტმა, ექიმისგან მალულად, განაცხადი ყალბი საფასო შეთავაზების გამოყენებით მოამზადა. ექიმმა, რომელმაც არ იცოდა, რომ დოკუმენტაცია მცდარ ინფორმაციას შეიცავდა, პროექტი შესაბამის უწყებებს წარუდგინა.
პროექტი საჭიროებდა 97 000 ევროს (189,991.20 ბულგარული ლევი) ოდენობის დაფინანსებას, საიდანაც 90 პროცენტი სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპულ ფონდს (EAFRD) უნდა გამოეყო, ხოლო 10 პროცენტი – ეროვნულ თანადაფინანსებას. ევროკავშირის სახსრები არ გაცემულა, რადგან ევროკავშირის სასოფლო-სამეურნეო ფონდების ბულგარეთის გადამხდელმა სააგენტომ დაადგინა, რომ განაცხადის დასასაბუთებლად წარდგენილი ერთ-ერთი შეთავაზება გაყალბებული იყო.
დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, ბრალდებულს შეიძლება დაეკისროს თავისუფლების აღკვეთა 1-დან 6 წლამდე ვადით და 1 000 ევროდან (2,000 ლევი) 5 000 ევრომდე (10,000 ლევი) ოდენობის ჯარიმის გადახდა.