ევროკავშირის იუსტიციისა და შს მინისტრები დღეს უსაფრთხოების გაუმჯობესების საკითხებზე იმსჯელებენ
ევროკავშირის იუსტიციისა და შს მინისტრები დღეს უსაფრთხოების გაუმჯობესების საკითხებზე იმსჯელებენ

საფრანგეთსა და ბელგიაში მომხდარი თავდასხმების შემდეგ, დღეს ევროკავშირის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები შეხვედრას გამართავენ, სადაც განიხილავენ ბლოკში უსაფრთხოების გაუმჯობესების საკითხებს, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ევროკავშირის ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე მოითხოვა საზღვრებზე კონტროლის გამკაცრება, რეპატრიაცია და ახალი გარიგებები აფრიკის სახელმწიფოებთან ლტოლვილებისა და მიგრანტების ტალღისგან ევროპის დასაზღვევად.

„ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების გავლენა ჩვენს შიდა უსაფრთხოებაზე ახლა ძალიან აქტუალურია. ჩვენ განვიხილავთ როგორც ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ სიტუაციას, ასევე იმას, რასაც ვხედავთ ევროკავშირის შიგნით“, – განაცხადა ევროკავშირის დიპლომატმა, რომელიც მონაწილეობდა შეხვედრის მომზადებაში.

მედიის ცნობით, მოსალოდნელია, რომ მინისტრები არ მიიღებენ რაიმე კონკრეტულ გადაწყვეტილებას, მაგრამ განიხილავენ საკითხებს, მათ შორის, რა კონკრეტულმა მოვლენებმა შეიძლება, გამოიწვიოს დიდი რაოდენობით პალესტინელების გაქცევა ან ძალადობრივი ქმედებები ბლოკში.

როგორც მედია წერს, ბრიუსელში მომხდარმა თავდასხმამ ხაზი გაუსვა ევროკავშირის პრობლემური მიგრაციისა და თავშესაფრის სისტემების მუდმივ წარუმატებლობას, მათ შორის უსაფრთხოების ხარვეზებს და არაეფექტურ დაბრუნებებს.