ევროკავშირის მიერ სომხეთისთვის დაწესებული დროებითი სავაჭრო შეღავათები 10 ოქტომბრიდან ძალაში შედის

18:49, 09.10.2026

ევროკავშირი სომხეთს დროებით სავაჭრო შეღავათებს უწესებს, რისი მიზანიც ადგილობრივი მწარმოებლებისა და ექსპორტიორების დახმარებაა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ერევანს სავაჭრო შეზღუდვები დაუწესა.

შეღავათები 10 ოქტომბრიდან ამოქმედდება და ძალაში ორი წლის განმავლობაში იქნება.

როგორც ევროკომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დაწესებული შეღავათების დახმარებით სომხეთის ექსპორტის თითქმის 80%-ისთვის ევროკავშირის ბაზარზე ვაჭრობის პირობები დროებით გამარტივდება.

კერძოდ, ეს შეეხება ხილის, ბოსტნეულისა და ყვავილების თითქმის მთელ ექსპორტს, რაზეც რუსეთის შეზღუდვები გავრცელდა. ასევე, სასმელებისა და ალკოჰოლური პროდუქციის ექსპორტის 91%-ზე მეტს.

ევროკომისიის ინფორმაციით, შეღავათები სომეხ მწარმოებლებსა და ექსპორტიორებს რთული მდგომარეობის შემსუბუქებაში დაეხმარება. ევროკავშირის ბაზარზე წვდომის გამარტივებით კი სომხეთის ეკონომიკა უფრო მდგრადი გახდება.

ამასთანავე, შეღავათებს გარკვეული პირობები და დამცავი მექანიზმები ახლავს. სომხეთიდან იმპორტი ევროპელ მწარმოებლებს ზიანს თუ მიაყენებს, ევროკავშირის ბაზარი დაცული იქნება.

ევროკავშირის საბჭომ სომხური საქონლისთვის დროებითი სავაჭრო შეღავათები ოფიციალურად სექტემბრის ბოლოს დაამტკიცა.

მსგავსი