ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიშის თანახმად, საქართველოს საბანკო სექტორი კარგი კორპორაციული მართვის დანერგვაში მოწინავე პოზიციას იკავებს
საქართველოს საბანკო სექტორი კარგი კორპორაციული მართვის დანერგვაში მოწინავე პოზიციას იკავებს, რითაც ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ და ფინანსურ განვითარებას – ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის მხარდაჭერით მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ერთობლივი პროგრამის ფარგლებში მომზადებულ ახალ ანგარიშში სტანდარტების და კოდექსების შესრულების (ROSC) შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო ბაკი ავრცელებს.
მათი ცნობით, როგორც ანგარიში მიუთითებს, 2016 წელს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ საქართველოს ნორმატიულმა და სამართლებრივმა ბაზამ კორპორაციულ მართვასთან დაკავშირებით სრული ტრანსფორმაცია განიცადა და ახლა შესაბამისობაშია კარგ პრაქტიკასთან.
„ახალი ანგარიში კორპორაციული მართვის სფეროში 2002 წელს სტანდარტებისა და კოდექსების პირველად განხორციელებული შეფასების განახლებაა. ახალი ROSC-ი საქართველოში კორპორაციული მართვის პოლიტიკის ჩარჩოს 2021 წლის დეკემბრის მდგომარეობით განიხილავს, ხაზს უსვამს კორპორაციული მართვის რეგულაციების ბოლოდროინდელ გაუმჯობესებას, აანალიზებს ფაქტიურ პრაქტიკას, იძლევა განხორციელების და პოლიტიკის რეკომენდაციებს და ინვესტორებს საბაზისო ნიშნულს აძლევს, რომლის მიმართაც უნდა შეფასდეს საქართველოში კორპორაციული მართვის პრაქტიკა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
„გასული 20 წლის განმავლობაში, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ქვეყნის კორპორაციული მართვის ჩარჩოს გაუმჯობესებაში, მაგალითად, „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონისა და კორპორაციული მართვის სამი კოდექსის მიღებით. იმისათვის, რომ აღნიშნულმა წინსვლამ ხელი შეუწყოს ეკონომიკურ ზრდას, გვჯერა, რომ ახლა ყურადღება უნდა გავამახვილოთ ახალი ჩარჩოს ეფექტურ აღსრულებაზე, განსაკუთრებული აქცენტით სახელმწიფო საწარმოების კორპორაციული მართვის პრაქტიკის გაუმჯობესებაზე, ისევე როგორც მარეგულირებლებისა და კომპანიების შესაძლებლობების უწყვეტ განვითარებაზე საქართველოში კორპორაციული მართვის გასაძლიერებლად“, – აღნიშნა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა.
კორპორაციული მართვის ROSC-ი ქართული კომპანიების კვლევას ემყარება, რომელმაც ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში კორპორაციული მართვის მნიშვნელობის შესახებ გათვითცნობიერების მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა. მან ასევე დაადასტურა, რომ საქართველოს საბანკო სექტორი ლიდერობს კორპორაციული მართვის პრაქტიკისა და დამოუკიდებლობის მოთხოვნების დანერგვაში. თუმცა, ამავე დროს, აღინიშნება კორპორაციული მართვის პრაქტიკის ჩამორჩენა სახელმწიფო საწარმოებში და მას დაინტერესებული მხარეები უფრო მეტ ყურადღებას უნდა აქცევდნენ.
„კარგი კორპორაციული მართვა ხელს უწყობს მდგრად ეკონომიკურ განვითარებას კომპანიების ეფექტიანობის ამაღლებით, გარე კაპიტალზე წვდომის ზრდით და საქართველოს, როგორც მიმზიდველი საინვესტიციო ქვეყნის წარმოჩენით. გამჭვირვალობა და ნდობა მნიშვნელოვანი ფაქტორებია აღნიშნული ჩარჩოების შემდგომი განვითარებისთვის. საქართველო სწორ გზაზე დგას და ჩვენ გავაგრძელებთ აღნიშნული სისტემების გაძლიერებისა და დანერგვის შემდგომ მხარდაჭერას“, – აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილემ, კატალინ გერმანმა.
კომპანიების პრაქტიკის უწყვეტი გაუმჯობესების მიზნით, ROSC-ის ანგარიში სამ ძირითად რეკომენდაციას გვთავაზობს: სახელმწიფო საწარმოების კორპორაციული მართვის გაძლიერება და სახელმწიფოს მფლობელობის ფუნქციის ცენტრალიზაცია ძალისხმევისა და რესურსების მიმართვა საქართველოს კომპანიების ცნობიერებისა და შესაძლებლობების გაძლიერებისკენ ახალი მოთხოვნების შესასრულებლად და ასევე მარეგულირებელი ორგანოებისკენ ახალი წესების აღსრულებისთვის; და კორპორაციული მართვის სამართლებრივი და მარეგულირებელი ჩარჩოს ანალიზი და განახლება საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ადგილობრივი კონტექსტის და გლობალური ტენდენციების შესაბამისად. ამავე დროს, მოკლევადიან პერიოდში არ არის რეკომენდებული სამართლებრივი და მარეგულირებელი ჩარჩოს განახლება.
კორპორაციული მართვის ROSC შეფასება მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს თხოვნის საფუძველზე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების პროექტის ფარგლებში განხორციელდა.