ევროკავშირის ლიდერების სამიტს 12-13 დეკემბერს ევროპული საბჭოს ახალი პრეზიდენტი შარლ მიშელი პირველად უხელმძღვანელებს
ევროკავშირის ლიდერები 12-13 დეკემბერს დაგეგმილ სამიტზე უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში კონფლიქტის დარეგულირების შესახებ მინსკის შეთანხმებების შესრულების მიმდინარეობას განიხილავენ. ამის შესახებ ნათქვამია ევროპულ საბჭოს ახალი პრეზიდენტის, შარლ მიშელის წერილში, რომელიც მან ევროკავშირის ლიდერებს გაუგზავნა.
წერილში აღნიშნულია, რომ შეხვედრის პირველი დღე მინსკის შეთანხმებების შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშით დასრულდება.
როგორც მოსალოდნელია, ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები 9 დეკემბერს პარიზში გამართული ნორმანდიული ოთხეულის სამიტის შედეგებს შეაჯამებენ.
ამას გარდა, ევროპელი ლიდერები ბრექსიტის საკითხსაც განიხილავენ. შარლ მიშელის წერილის თანახმად, ევროკავშირი ადასტურებს, რომ ორგანიზაციიდან გასვლის შემდეგ დიდ ბრიტანეთთან მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობა სურს.
ეს ევროკავშირის პირველი სამიტია, რომელსაც ევროპული საბჭოს ახალი პრეზიდენტი შარლ მიშელი უხელმძღვანელებს. ის იმედს გამოთქვამს, რომ ევროკავშირის ლიდერებთან მჭიდრო თანამშრომლობა ექნება მრავალ საკითხზე, რათა ევროპა უფრო განვითარებული და თავდაჯერებული გახდეს.