ევროკავშირის ლიდერები სამიტის პირველ დღეს კორონავირუსის კრიზისთან დაკავშირებით დახმარების გამოყოფაზე ვერ შეთანხმდნენ
ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტის პირველი დღე კორონავირუსის შედეგად გამოწვეულ კრიზისთან გასამკლავებლად ფინანსური დახმარების გამოყოფაზე შეთანხმების გარეშე დასრულდა. ევროკავშირის ლიდერები მოლაპარაკებებს დღეს გააგრძელებენ.
როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, სამიტზე მისვლისას 27 ქვეყნიდან მრავალი ლიდერი აცხადებდა, რომ აღნიშნულ შეთანხმებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკის გადასარჩენად და ევროკავშირისადმი ნდობის გასაძლიერებლად.
კერძოდ, ევროპელი ლიდერები მსჯელობენ ევროკავშირის 2021-2027 წლების ბიუჯეტზე, რომლის მოცულობა ერთ ტრილიონ ევროს აღემატება, ასევე 750 მილიარდი ევროს ოდენობის ეკონომიკის აღდგენის ფონდზე, რომლიდანაც თანხა ძირითადად ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებისთვის გამოიყოფა, რომლებიც პანდემიამ ყველაზე მეტად დააზარალა.
27 ქვეყანას შორის უთანხმოებას წარმოადგენს დახმარების პაკეტის მოცულობა, ასევე მასში გრანტებისა და სესხების ოდენობის განაწილება, აგრეთვე ფინანსური დახმარების გაწევის კანონის უზენაესობის პრინციპებთან დაკავშირება.
კერძოდ, ნიდერლანდები ითხოვს, რომ ფინანსური დახმარება დაზარალებულ ქვეყანაში ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობას დაუკავშიროს, რასაც იტალია და ესპანეთი არ ეთანხმებიან.
„მათ თუ სურთ სესხი და უფრო მეტიც, გრანტები, მაშინ ვფიქრობ, ლოგიკურია, ნიდერლანდების მოსახლეობას ავუხსნა, რომ სანაცვლოდ აღნიშნული რეფორმები ჩატარდება“, – განაცხადა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ, რომელმაც შეთანხმების მიღწევის შანსები 50/50 შეაფასა.
გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა კი, მოლაპარაკებებს „ძალიან რთული“ უწოდა.