ევროკავშირის ხუთი ქვეყანა მოლდოვას კრიზისის მშვიდობიანი გზით გადაჭრისკენ მოუწოდებს
ევროკავშირის ხუთი ქვეყანა მოლდოვაში კრიზისის მშვიდობიანი გზით გადაჭრის მოწოდებით გამოვიდა. გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი და შვედეთი აცხადებენ, რომ „პოლიტიკური საკითხების განსახილველად საუკეთესო ადგილი პარლამენტია“. ისინი მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებენ.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ მოლდოვის პარლამენტს და საკანონმდებლო ორგანოს განვიხილავთ მოლდოველი ხალხის წარმომადგენლად და იმ ადგილად, სადაც ყველაზე უკეთ შეიძლება პოლიტიკური საკითხების განხილვა, მათ შორის დავების გადაწყვეტა. საკონსტიტუციო კრიზისის მოგვარებაზე პასუხისმგებლობა ყველა მხარეს ეკისრება“, – ნათქვამია ხუთი სახელმწიფოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოლდოვაში პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც თებერვალში გამართული საპარალამენტო არჩევნების შემდეგ, ახალი მთავრობის ფორმირების პროცესი გაჭიანურდა. 8 ივნისს პარლამენტში პრორუსულ სოციალისტურ პარტიასა და პროევროპულ ძალებს შორის ალიანსი შედგა, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ მმართველი კოალიცია კანონოთ განსაზღვრული ვადის დარღვევით ჩამოყალიბდა. ამის გამო, სასამართლომ ახალი მთავრობა არალეგიტიმურად გამოაცხადა, დროებით შეუწყვიტა უფლებამოსილება პრეზიდენტ იგორ დოდონს და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა წინა მთავრობის პრემიერ-მინისტრ პაველ ფილიპს დაავალა. ფილიპმა ვადამდელი არჩევნები 6 სექტემბერს დანიშნა.
მიუხედავად ამისა, გუშინ კიშინიოვში ორი მთვარობის სხდომა გაიმართა.
ევროკავშირმა, აშშ-მა და მოსკოვმა ახალ კოალიციურ მთვარობასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა.