ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები გაზის ზღვრული ფასის დაწესებაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები მრავალკვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ გაზის ზღვრული ფასის დაწესებაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
აღნიშნული ზომა მიმართულია ევროკავშირში ენერგოკრიზისის დაძლევისკენ. კერძოდ, მინისტრები შეთანხმდნენ, შეზღუდვა აამოქმედონ, თუ სამი დღის განმავლობაში მეგავატი საათის ფასმა 180 ევროს გადააჭარბა.
„ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან შეთანხმებას, რომელიც დაიცავს ჩვენს მოქალაქეებს ენერგორესურსების რეკორდულად მზარდი ფასებისგან“, – განაცხადა ევროკავშირის ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის ინდუსტრიის მინისტრმა, იოზეფ სიკელამ.
გაზის ზღვრული ფასი შესაძლოა, 2023 წლის 15 თებერვლიდან ამოქმედდეს. შეთანხმება ქვეყნების მიერ ოფიციალურად უნდა დამტკიცდეს.
ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარი კადრი სიმსონი აცხადებს, რომ გაზის ზღვრული ფასის დაწესება ენერგოკრიზისის დასაძლევად მხოლოდ პირველი გადადგმული ნაბიჯია.
„მნიშვნელოვანია, რომ დღეს ჩვენ შევთანხმდით გაზის გადაჭარბებული ფასის შეზღუდვაზე. ამავე დროს, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ გაზის ერთიანი შესყიდვა ახლა რეალობად ვაქციოთ. ჩვენ შეგვიძლია, წინ ვიმოძრაოთ და დავაჩქაროთ ნებართვის გაცემა. ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი ენერგეტიკული სოლიდარობა გავაძლიეროთ. მხოლოდ გაზის ეკონომიისა და მომხმარებელთა მხარდაჭერის ამ და სხვა ზომებით ბაზრის კორექტირების მექანიზმი კარგ სამსახურს გაგვიწევს“, – განაცხადა ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა კადრი სიმსონმა.